ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პოლიტიკური მოტივაციის საქმე თუნდაც იმიტომ, რომ ამ საქმეში მას პირდაპირ ჰყავს დაზარალებულის სტატუსით ბიძინა ივანიშვილი. სადაც მისი სახელი და გვარი გაიჟღერებს, იმ საქმეში როგორ შეიძლება თემიდას სასწორი ბალანსს იცავდეს, – ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ბესელიას თქმით, მას არ სჯერა ვერსიის, რომ ბაჩიაშვილი საკუთარი სურვილით აპირებდა საქართველოში დაბრუნებას მაშინ, როცა თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გაიქცა.
“პირველ რიგში, რაც შემიძლია ვთქვა ამ საქმესთან დაკავშირებით იქამდე, ვიდრე არ გაკეთებულა თავად გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან განცხადება და ალბათ, ძალიან საყურადღებო იქნება თავად რას იტყვის, როგორ ახსნის ამ ფაქტს. მე პირადად, არ ვფიქრობ და არ დავიჯერებ იმ ვერსიას, რომ ის საქართველოში ბრუნდებოდა ამ რეპრესიული და უსამართლო სისტემის პირობებში. აპირებდა საკუთარი თავის დაცვას, გაიქცა აქედან იმიტომ, რომ იძულებული გახდა, საკუთარი თავი გადაერჩინა, ამიტომ ვერსია, რომ ის თავისით აღმოჩნდა მწვანე ზოლში, სადაც არ ხდება ოფიციალურად საზღვრის გადმოკვეთა, არ არის დამაჯერებელი.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პოლიტიკური მოტივაციის საქმე თუნდაც იმიტომ, რომ ამ საქმეში მას პირდაპირ ჰყავს დაზარალებულის სტატუსით ბიძინა ივანიშვილი. სადაც მისი სახელი და გვარი გაიჟღერებს, იმ საქმეში როგორ შეიძლება თემიდას სასწორი ბალანსს იცავდეს და მით უფრო, ასეთ საქმეში.
როდესაც ამდენი ადამიანია ძებნაში ჯერ კიდევ წინა რეჟიმის, ვითომ ასამართლებენ ახლა იმ ე.წ. პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში, არავინ კითხვას არ სვამს, რა გააკეთეს მათი ჩამოყვანისთვის. კიდევ უფრო სამართლიანი კითხვაა, ამ სასამართლოს პირობებში, რომლის სათავეში დგანან იგივე მოსამართლეები, ვინც წინა რეჟიმის მსახურები იყვნენ იმ საქმეებზე, რასაც ახლა იხილავენ იმ კომისიაზე, რატომ არავინ პასუხი არ აგო. ეს არის ის ლეგიტიმური კითხვები, რომლებიც მთლიანად აშიშვლებს ამ ფარსს”, – განაცხადა მან.
ბესელია ასევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილსაც, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
მისი თქმით, წერილის ავთენტურობა დაუდასტურებელია და ალბათ, საელჩო გააკეთებს განცხადებას.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, არავინ დაიჯერებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს ყაველაშვილს ულოცავს.
“ჯერ ერთი, ამ წერილის ავთენტურობა და ამ წერილის სწორი ვერსია უნდა ვნახოთ იმიტომ, რომ გუშინ, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მილოცვა გავრცელდა, ძალიან ღიად და ცხადად იყო ნათქვამი, რომ სახელმწიფო მდივანი დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს ულოცავდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. დღეს ეს სულისკვეთება აქვს აბსოლუტურად ყველა ოფიციალურ დოკუმენტს და სანქციების დაკისრების პირობებში რომელ ლეგიტიმაციაზე ვლაპარაკობთ, როდის იყო, სანქციებს უწესებდნენ ხელისუფლებას, რომლის ლეგიტიმაციასაც აღიარებენ, გამორიცხულია.
დამთავრებულია ეს ლეგიტიმაცია, თანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქციები უკვე მიღებული აქვს, პრეცედენტი არ არსებობს, რომ მიღებული სანქციის შემდეგ ვინმეს მიმართ გაუქმდა მიღებული გადაწყვეტილება, ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად. ძალიან დიდი გულუბრყვილობაა ახლა, ილაპარაკო იმაზე, რომ შეიცვლება და მილოცვა, რომელიც არავინ იცის საერთოდ, როგორ გაავრცელეს და რა ტექსტია, ორიგინალს ვნახავთ და საელჩო ალბათ გააკეთებს განცხადებას. არც არავინ არ დაიჯერებს, რომ ყაველაშვილს ულოცავს ამერიკის პრეზიდენტი დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა ბესელიამ.
