“ბევრი ვიფიქრე, მომემართა თუ არა დღეს თქვენთვის და გეტყვით, რატომ ვიფიქრე. საკუთარ თავს მივეცი სიტყვა, ვიდრე სასამართლოში არ დავინახავდი თავისუფლებას, რაც სჭირდებათ მოსამართლეებს, თავს მივეცი პირობა, არ გამოვიდოდი სიტყვით. მაგრამ გეტყვით, რატომ შევცვალე ეს გადაწყვეტილება. ამათ გამო (ხელს იშვერს ბრალდებულების მისამართით)”, – ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების სხდომაზე პოლიტიკოსმა და იურისტმა ეკა ბესელიამ გააკეთა. ის სინდისის 11 პატიმრის საქმეში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ინტერესებს იცავს თორნიკე მიგინეიშვილთან ერთად.
„სიმართლეს ჰყავს ბევრი მომხრე, მაგრამ ცოტა დამცველი. თავის საკუთარ სასამართლო პროცესზე, როდესაც ასამართლებდნენ სოკრატეს, მიმართა პლატონს, შენ ხარ ძალიან ახალგაზრდა და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა სიკვდილი, მე კი მგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა სირცხვილი. ბევრჯერ ვიგრძენი სირცხვილი რა არის, როცა დარბაზიდან ვესწრებოდი სხდომას.
ბევრჯერ ვიგრძენი თავი უხერხულად ასევე, როცა ფიცის ქვეშ იძლეოდნენ ჩვენებას მოწმეები.
კარგად გავეცანი თქვენს ბიოგრაფიასაც [მიმართავს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს]. რასაც დღეს გეტყვით, ოდნავ მაინც მინდა მქონდეს განცდა, რომ ეს თქვენზე რაღაც დოზით მოახდენს [გავლენას], დაფიქრდებით მაინც გადაწყვეტილების გამოცხადების წინ.
იმ პერიოდში, როცა თქვენ სასამართლოში საფეხუროვან გზებს გადიოდით, იმ წლებში თავისუფლების რეფორმაზე ვმუშაობდი. თქვენი ერთი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე 11 ადამიანის ბედია და მათ უკან რამდენი ადამიანია, შეხედეთ, მათ უკან კი მთელი ქვეყნის ბედია.
სიმბოლურად მოგიმზადეთ 26 არგუმენტი”, – განაცხადა ბესელიამ.
“მძიმე საგნებს ისროდნენო. ექსპერტიზა არ ჩატარებულა. როგორ დაადგინეს, რა საგანი იყო, მძიმე იყო თუ მსუბუქი. რატომ არ არის ნაჩვენები, სად ვარდება, ფიქრობთ, შემთხვევით არის, რომ აქ არის წყვეტა? არავის არაფერი არ ხვდება. საპირისპირო რომ მომხდარიყო, აუცილებლად ვნახავდით ექსპერტიზას და მოვუსმენდით მოწმეებს.
ძალიან საინტერესო იყო ექსპერტ მარიკა ტოკლიკიშვილის მოსმენა, რომელმაც თქვა, რომ საგნის რაობის, ზომის, ფორმის, წონის განსაზღვრა შეუძლებელია, თუ ექსპერტიზაზე საგანი არ არის წარმოდგენილი. ვიდეოს ყურებით ამის დადგენა შეუძლებელია”.
მისი თქმით, მტკიცებულებებში არცერთი ნივთი არ არის წარმოდგენილი არცერთი პატიმრის წინააღმდეგ.
“შევეხები არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხს. თქვენ იცით, რომ სტრასბურგის სასამართლოში წავიღეთ უკვე ანდრო ჭიჭინაძის საქმე.
გაგახსენებთ ირაკლი შაიშმელაშვილის საჯარო განცხადებებს. ის არის ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ მაღალ თანამდებობას იკავებდა გდდ-ში. მან ქვეყანა დატოვა. მანამდე თქვა, რომ შსს თანხას უხდიდა გადაცმულ ფორმაში მყოფ ადამიანებს, რომ თითქოს ისინი იყვნენ აქტივისტები და რომ ესროლათ სხვადასხვა საგანი პოლიციის მიმართ და გამოეწვიათ მათი პროვოცირება.
ეს არ არის ჩვეულებრივი განცხადება, ეს არის ჩვენება და ეს არის მტკიცებულება. მართლა ფიქრობთ პროკურორებო, რომ ვიდეოები გაშიფრული არ არის და დაზარალებულებმა არ იციან, ვისგან მოხვდათ ქვები? ის გადაცმული ადამიანები ხომ არ იყვნენ ისინი, ვინც ამოიცნეს, მაგრამ ვერ დაასახელეს? რას უშვრებით ირაკლი შაიშმელაშვილის ჩვენებას?
იმდენი რამე მინახავს, ბატონო მოსამართლევ, ვიცი, ამ ჩვენებით გადაიხედება თქვენი გადაწყვეტილება, თუ ის ვერ გაუძლებს სტანდარტს”.
ეკა ბესელია მიმოიხილავს სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტს. იხსენებს ერთ-ერთ ახალ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველომ წააგო. მჟავანაძე-რუხაძე საქართველოს წინააღმდეგ. განმცხადებლები ჩიოდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება იყო უსამართლო, გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭეს პოლიციელების ჩვენებებს და მტკიცების ტვირთი დააკისრეს ბრალდებულებს, დაირღვა სასამართლოს მიუკერძოებლობის მოთხოვნა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება საქმე სამართლიანად განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.
ეკა ბესელია მიმოიხილავს სტრასბურგის სასამართლოში განხილულ სხვა მსგავს საქმეებს, რომელიც საქართველომ წააგო და სტრასბურგის სასამართლომ გააკრიტიკა ქართული მართლმსაჯულების სისტემა მაგალითად იმ მიზეზით, რომ მხოლოდ პოლიციელების სიტყვას და ჩვენებას იყენებდნენ ბრალდებულების წინააღმდეგ. ეკა ბესელია მიმართავს მოსამართლეს, რომ მან უნდა იცოდეს, განსაკუთრებით ქართულ საქმეებზე მიღებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ნორმატიული აქტის ძალა აქვს.
“ანდრო ჭიჭინაძე და ყველა პატიმარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდნენ და მათ წინააღმდეგ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
დაირღვა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, როცა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულებს. კანონი ყველაზე გვიან ავალდებულებდა სასამართლოს, გამოეყენებინა პატიმრობა და მანამდე სხვა ზომები უნდა აეწონა. არცერთმა მოსამართლემ არ დაიცავით ეს სტანდარტი, რაც კანონში გვიდევს. საფუძვლების გარეშე შეუფარდეთ პატიმრობა და ამაზე უკვე ვდავობთ სტრასბურგის სასამართლოში.
იმ კანონის მსუსხავი ეფექტი, რომ აკრძალულიყო გადაღება სასამართლოში, თქვენ გამოიყენეთ პირველად სასამართლოში. [მიმართავს ნინო გალუსტაშვილს]
მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, როცა 2013 წელს სასამართლოს დარბაზები გავხსენით. იქ, სადაც ახლა სააპელაციო სასამართლოა, საოლქო სასამართლო იყო. ტელეფონებსაც ვტოვებდით, სანამ შევიდოდით. მედიისთვის იყო დახურული, ადვოკატებისთვისაც იყო შეზღუდული მუშაობა. ოქმებიც ხელით იწერებოდა. ადამიანების უფლებების დაცვის კომიტეტი მებარა და პირველად რაც გავაკეთეთ, გავხსენით დარბაზები. არაფერი დასამალი არ უნდა იყოს, რაც დარბაზში ხდება. ეს ნიშნავს მათ შიშს, ვინც ეს კანონი მიიღო. არ უნდოდათ იმის ჩვენება, რაც აქ ხდებოდა.
მაშინ მე ვთქვი, ხომ მოძალადეები გყავთ დაკავებული, აჩვენეთ ისინი საზოგადოებას, აჩვენეთ მტკიცებულებები. სასამართლო პრივატული სივრცე ხომ არ არის? მოსამართლე უნდა გრძნობდეს, რომ მისი სამართალი არის ხალხის ხმა. ის თუ ნდობას არ იწვევს, ფასი არ აქვს განაჩენს. ნდობის გარეშე რა არის მართლმსაჯულება”, – განაცხადა ბესელიამ.
მან მადლობა გადაუხადა სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატებს.
“მათ ჰქონდათ სწორი პოზიცია, მაგრამ მოსამართლეს არ ჰქონდა სწორი პოზიცია. თუ აკვირდებით, ძალიან ეთიკურად მიდის ეს პროცესები. რა ბევრი სათქმელიც არ უნდა მქონდეს, ძალიან კორექტულად ვცდილობ, რომ გესაუბროთ ყველა თემაზე და ყველა ადვოკატი ასე იქცეოდა. არ გქონდათ საფუძველი, რომ გეფიქრათ, ვინმე ხელოვნურად რამეს ცდილობდა.
შევეხები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. არ წავიკითხავ იმ ნერვებისმომშლელ სიტყვებს, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა ანდრო ჭიჭინაძის და სხვების მიმართ. არ გავიმეორებ. როგორ ეხება ოჯახს. არაერთი საჯარო განცხადება გააკეთეს მან და მდინარაძემ. განა არ იცის, რომ არ შეიძლება. მაგრამ რატომ ამბობს? დემონსტრირებას ახდენს, რომ გავლენა აქვს სასამართლოზე. ეს თქვენში პროტესტს უნდა იწვევდეს. არ შეიძლება პროცესის კვალდაკვალ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ და ახდენდნენ ზეწოლას, რომ მოსამართლემ მიიღოს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლე, რომელიც ამ განცხადებების პირისპირ დგას, სულ რომ დასტურდებოდეს ეს ბრალდებები და მტკიცებულებები რომ იყოს, თქვენი გამამტყუნებელი განაჩენის მიმართ ყოველთვის იქნება ეჭვი რომ ზეწოლა განხორციელდა თქვენზე. მითუმეტეს, რომ არ არის მტკიცებულებები”.
„ჩვენდა სამწუხაროდ, ამ საქმეებზე არის დამოკიდებული საქართველოს ევროპული, დემოკრატიული გზა. გგონიათ ვაჭარბებ? რამდენიმე რეზოლუციაა, რომელიც კავშირშია ამ საქმეებთან და მომავალთან; სადაც მოგვიწოდებენ, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, დაგმობილია ძალადობა, განხორციელება 28 ნოემბრიდან.
გუშინ დაგვეწია ამნესტი ინთერნეიშენალის დასკვნა ამ კონკრეტულ საქმეზე. სადაც ნათქვამია, რომ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია, მიმდინარე სასამართლო პროცესი დამძიმებული იყო მნიშვნელოვანი დარღვევებით.“
ეკა ბესელიამ წარმოადგინა რამდენიმე ფოტო, სადაც მისი თქმით შემზარავი კადრებია, ჟურნალისტებზე, აქტივისტებზე, კოლექტიური ძალადობის, ადამიანების, რომლებიც დაასახიჩრეს სამართალდამცველების მიერ.
„ეს არის ჯგუფური, ორგანიზებული დანაშაული, რასაც აქვს წამების, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია. სასწორის მეორე მხარეს რა დევს? არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არცერთი მოძალადე. ეს გვაქვს ამ საქმის პარალელურად და ეს არის ტვირთი ყველა სტრუქტურის, მათ შორის პროკურატურის თავზე, რომლის უპირველესი ვალდებულებაა დანაშაულის გახსნა და დამნაშავეთა დასჯა.“
„რამდენიმე რამეს გაგაცნობთ ანდრო ჭიჭინაძესთან მიმართებით. საბოლოოდ პიროვნებასთან მიდიხართ, მის ისტორიასთან, ესეც სამართლის პრინციპია. ვინ არის ანდრო ჭიჭინაძე? ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი, მსახიობი. ბოლო პროექტი მისი იყო შვიდი მთა და მენტალური ჯანმრთელობა, სადაც ჰყვება, როგორ მიიღო თავის არეში კონტუზია და როგორ იმკურნალა მთაზე ასვლით. ახლა მუშაობს ციხის პირობებში ამ პროექტზე. გეგმავდა, რომ 10 დეკემბერს უნდა გამგზავრებულიყო გადაღებების დასაწყებად კილიმანჯაროზე. 5 დეკემბერს დააკავეს“, — ამბობს ეკა ბესელია და მაგალითად მოჰყავს რამდენიმე ცნობილი ადამიანის, მათ შორის მსოფლიო მასშტაბით ცნობილი თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მოღვაწეთა მხარდამჭერი გამოხმაურებები ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებით.
ეკა ბესელია იხსენებს, რომ 2012 წელს უამრავ ადამიანს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭეს და დიდი მასშტაბური ამნისტიით გაათავისუფლეს.
„საჯაროდ ვთქვით, რომ გავათავისუფლებდით სასამართლოს ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან და დავიწყეთ სასამართლო რეფორმაზე მუშაობა. ეს რთული პროცესი იყო, როცა მეოთხე ეტაპზე გადავედით. იმ წელს, როცა ეს რეფორმა გაჩერდა, 2018 წელს დავტოვე თანამდებობა, რადგან მაშინ სასამართლოს რეფორმის გაგრძელებაზე ითქვა უარი და გავაჩერე მოსამართლეთა სია, რომელიც უზენაესში იყო შემოტანილი. იცით, ეს რატომ გავაკეთე? რომ უზენაესი სასამართლოს სახით არ გყოლოდათ დავალების მიმცემი მაღალი ინსტანცია. მე მინდოდა თქვენი და თქვენნაირი მოსამართლეების დაცვა, რომ მოსამართლეს ვერავინ გაუბედოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ამ შენობაში ბოლო პროცესზე 2012 წელს გამოვედი და მაშინ ბიძინა ივანიშვილს ვიცავდი. ჩემი პირადი ბრძოლა იყო მოსამართლის თავისუფლებისთვის და მაშინ ვთქვი, რომ მოსამართლეთა გათავისუფლებამდე მე სასამართლოში არ დავბრუნდებოდი. რატომ დავბრუნდი, ეს დასაწყისში გითხარით, ამათ გამო [სინდისის პატიმრების] გავაკეთე ეს.
საოცარი რამ დამაბარეს თქვენთან და უნდა წაგიკითხოთ [მიმართავს მოსამართლეს]
ესენი არიან ყველაზე პატარა ანგელოზები, ბავშვები და ყველაზე სათუთი ხანდაზმულები. მკურნალ ანდრო ჭიჭინაძეს, ასეთი ლექსი დაწერეს და გადმოგცემთ.“
ეკა ბესელია კითხულობს ჩანაწერს, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები, ხანდაზმულები მიმართავენ მოსამართლეს და სთხოვენ მას, რომ გააღოს საკნის კარი და დაუბრუნონ ანდრო, რომელთანაც სიცილის თერაპიის სეანსი ელოდებათ.
ეკა ბესელია მიმოიხილავს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ დადასტურდეს 11 პირისთვის წაყენებული ბრალი.
“პირველ რიგში საჭიროა, რომ არსებობდეს განზრახვა, იყოს განაწილებული როლები, უწყვეტობა, კავშირი მათ შორის, ჯგუფის სტრუქტურა, წინასწარ შეკავშირდნენ, მოიფიქრონ ჯგუფურად ქმედება, და განახორციელონ. არაფერი მსგავსი პროკურატურას არ დაუდასტურებია.
ეკა ბესელია იხსენებს ანდრო ჭიჭინაძის მეგობრების, კოლეგების ჩვენებებს სასამართლოში, რომლებიც თანმიმდევრულად მწყობრად იხსენებდნენ ანდრო ჭიჭინაძის ყოფნას და ქცევას აქციებზე.
ეკა ბესელია მიმოიხილავს ვიდეოებს, რომლებზეც არ ჩატარებულა ექსპერტიზა, ხომ არ არის დამონტაჟებული.
„რა ჩანს იმ ვიდეოებში? იქ ჩანს ის, რასაც არ უნდა ჩადიოდეს სახელმწიფოს სახელით მოქმედი პოლიციელი. შსს-ს თანამშრომლები, რომლებიც საშინლად იგინებიან, იმუქრებიან, როგორ ემუქრებიან ერთ-ერთ გოგონას გაუპატიურებით. ჩანს აგრესია სამართალდამცველების მხრიდან. ეს ისმის ვიდეოში, რომელიც ბრალდებამ ჩათვალა, რომ მისთვის სასარგებლო იყო. ამას პირდაპირ ეთერში უყურებდა ხალხი. არ შეიძლება, ეს ვიდეოები თქვენც არ გქონდეთ ნანახი [მიმართავს მოსამართლეს].
ეკა ბესელია გადადის მთავარი გამომძიებლის არსენ ხუნაშვილის ჩვენების მიმოხილვაზე, რომელიც მთავარი მოწმე უნდა ყოფილიყო და პროკურატურას დახმარებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ეკა ბესელია იხსენებს ანდრო ჭიჭინაძის დაშავებას აქციაზე, სამართალდამცველის მხრიდან, სარაჯიშვილის ბოთლით, რაზეც ის ესაუბრა გამომძიებლებს და ამასთან დაკავშირებით მათ არაფერი მოუმოქმედებიათ.
“ანდრო ჭიჭინაძის სახლში არ ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ტელეფონი. ვერაფრით გამოვკვეთეთ არგუმენტი, რატომ არის ეს ტელეფონი ექსპერტიზაზე რვა თვეა. ერთმანეთს რომ ჯგუფი აორგანიზებდა, ამის გამოსავლენი საშუალება ხომ ტელეფონი უნდა ყოფილიყო. სადმე რეპლიკაში გვითხარით პროკურორო, მაგალითად ამ უკრაინელ პატიმრებს, თარჯიმანი რომ უზით აქ, რა ენაზე აორგანიზებდნენ? დავუბრუნდები ტელეფონს. ბატონო პროკურორო, არ გაინტერესებთ, რატომ არ დასრულდა აქამდე ტელეფონების ექსპერტიზა?
ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ჩარევა ხდებოდა ტელეფონში და ერთ-ერთი აპლიკაციიდან წაიშალა ანდრო ჭიჭინაძის გვარი. გამოსაკვლევ საგანში ჩარევა არ შეიძლება იმაზე მეტად, რომ დაადგინო, რა მოხდა. წაშალო რაღაც, თუნდაც უწყინარი ჯგუფი, არის ძალიან საეჭვო და გახდიდა სადავოდ იმასაც, რომ მოგეტანათ ექსპერტიზის დასკვნა აქ. ბევრი კარგი ადამიანი კი გააცანით ერთმანეთს, მაგრამ ხელოვნურად დააკავშირეთ ეს ადამიანები ერთმანეთს”.
ეკა ბესელია განაგრძობს სხვა მოწმეთა ჩვენებების მოკლე მიმოხილვას, რომელთაც არცერთი კონკრეტული ბრალდებულის მიმართ არაფერი აქვთ. ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი ამბობს, რომ ეს მოწმეები ფაქტობრივად დაცვის მოწმეებად იქცნენ.
„პროკურორებმა თქვეს, რომ 28 ნოემბრიდან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ორგანიზებული ძალადობრივი მოქმედება და ამან მიიღო სისტემური ხასიათი. ეს გამოიხატებოდაო წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით განლაგებულ სამართალდამცველების მიმართ ფიზიკურ და ვერბალურ აგრესიაშიო. პიროტექნიკით, მძიმე საგნებით და ა.შ. უწევდნენ წინააღმდეგობას და საფრთხეს უქმნიდნენ სამართალდამცველებისა და სხვა მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ცეცხლაძე, კასრაძე და კაძელაშვილი უწევდნენ ორგანიზებასო. ჭიჭინაძე 29 ნოემბერს იმყოფებოდა და ჩართული იყო ძალადობრივ ქმედებებში. მივყვები ამ სიტყვების გროვას. რა მტკიცებულებები მოიტანეს ამ ფორმულირებების დასადასტურებლად.
რა შუაშია ჯერ ზვიად ცეცხლაძისა და სხვების ქმედებების, ასევე სინდისის პატიმრების, უდანაშაულო ადამიანების აქ განხილვა. ეს სამართლებრივად სწორია? იმ საქმის განხილვა მიმდინარეობს და მათ დაუსწრებლად აქაც ასამართლებთ.“
ეკა ბესელია იხსენებს მოწმედ მოყვანილ დაზარალებულ პოლიციელებს, გიორგი ზაბახიძეს, ნიკოლოზ ხურცილავას, ლაშა ბუიღლიშვილს, საბა ნაბახტეველს, ივანე კაპანაძეს, კახა ონიანს, გრიგოლ ჭანტურიძეს, რომლებსაც არავინ დაუნახავთ, არაფერი სმენიათ ბრალდებულებზე, არ შეუძლიათ მათი ამოცნობა. „როგორ არის ეს ჩვენებები ბრალის დადასტურება. პირიქით.“
“თქვენ მოგმართავთ, პროკურორო. სამართალი არ იზომება შედეგებიდან და სჭირდება ისტორიის გააზრება თავიდან ბოლომდე. ერთ-ერთი მთავარი, რასაც უნდა ადგენდეს სასამართლო და მათ შორის თქვენ, არის მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, რაც ვერსად დავინახე თქვენს გამოსვლაში”.
ეკა ბესელია მიმართავს მოსამართლეს და ეუბნება, რომ ის თავის სამოსამართლეო გზას ახლა იწყებს და ამ დიდი პროცესის მართვა დიდი გამოცდაა მისთვის. ახსენებს რეზო კიკნაძეს და მოუწოდებს, რომ მისცეს უფლება დაესწროს ბოლო სხდომებს. ეკა ბესელია საუბრობს, რომ ის ამბავი, რასაც მოსამართლე იხილავს, იწყება ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ევრონტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ და ამას თვალი უნდა გაუსწოროს.
ეკა ბესელია იხსენებს, რომ ის პარლამენტში იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, როცა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი ჩაიწერა.
„ეს მუხლი მაშინ ჩავწერეთ იმიტომ, რომ საფრთხე ვიგრძენით. დაწერილ კანონს როგორ ექცევიან და დაუწერელს როგორ მოექცევიან.
თქვენ აქციაზე გასვლის უფლება არ გაქვთ, მაგრამ იქ ბევრი მოსამართლის შვილი იდგა, ბევრი თქვენი ახლობელიც იდგა. […]
ეს ხალხიც ხომ იქ იდგა. რა განზრახვა ჰქონდათ? ამ კითხვას ვინმემ, პროკურორებმა, პასუხი გასცეს? სახელმწიფო ბრალდებამ არ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ ადამიანებს განზრახვა ჰქონდათ დაერბიათ პარლამენტი, დაეზიანებინათ ადამიანები, შეჭრილიყვნენ სადმე და ა.შ.
ამდენი თვეა უყურებთ ადამიანებს, დაინახეთ მათში მოძალადე?”, – განაცხადა ბესელიამ.
