ეკატერინე მიქაბაძე საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის (SBFN) მრგვალი მაგიდის მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
„SBFN-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები განვითარებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებულ მდგრადი დაფინანსების ტენდენციებზე, ასევე, ისაუბრეს SBFN-ისა და IFC-ის მხარდაჭერით მდგრადი დაფინანსების ინიციატივების შემუშავების მხრივ წევრ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე და განიხილეს სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებული ხედვები.
ეკატერინე მიქაბაძემ მრგვალი მაგიდის შეხვედრის მონაწილეებს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ მიღწეული შედეგები გააცნო და ამ მხრივ, SBFN-ისა და IFC-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის, მდგრადი დაფინანსების ექვსსაფეხურიან შეფასების სისტემაში უმაღლეს საფეხურზე დაწინაურდა“, – ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ბოლო წლების განმავლობაში, მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ის ექვსსაფეხურიანი შეფასების სისტემის უმაღლეს საფეხურზე – კონსოლიდაციის ეტაპზე დაწინაურდა. აღნიშნული დაწინაურება მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობასა და წარმატებულ დანერგვაზე მიუთითებს”, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO), და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება