ეკატერინე მიქაბაძემ საერთაშორისო ღონისძიებაში „ასტანას ფინანსური დღეები“ მიიღო მონაწილეობა – რაზე ისაუბრეს?

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის (AIFC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – „ასტანას ფინანსური დღეები 2025“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე მიქაბაძემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს რეგიონული ფინანსური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე ისეთი მიმართულებებისთვის, როგორებიცაა: გადახდის სისტემები, ფინანსურ ტექნოლოგიები, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ინოვაციური ფინანსური სერვისები.
ეკატერინე მიქაბაძემ ასევე ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მარეგულირებელი და საზედამხედველო პრაქტიკის ჰარმონიზაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ბაზარი ფუნქციონირებს საერთაშორისოდ აღიარებულ ისეთ პრინციპებთან შესაბამისობაში, როგორებიცაა – სამართლიანობა, გამჭვირვალობა და კანონმდებლობის აღსრულება.
„ვფიქრობ, თუ ვიმოქმედებთ საერთო პრინციპების საფუძველზე იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვარეგულირებთ ფინანსურ სექტორს, როგორ ვახორციელებთ პრუდენციულ ზედამხედველობას და როგორ ვიცავთ ინვესტორთა უფლებებს, ეს ხელს შეუწყობს ფინანსური სერვისების მიწოდებას საზღვრებს მიღმა და სარგებელს მოუტანს ყველა ჩართულ მხარეს“, – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის (AIFC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიება 2018 წლიდან ტარდება და ამ დროის განმავლობაში რეგიონში ფინანსური ინოვაციების, ინვესტიციების მოზიდვისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს