„ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად დადგენილ სალიცენზიო პირობებს არ ასრულებს – გარემოს ეროვნული სააგენტო

„არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაა“ მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად“, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
2022 წლის 23 მარტს, კომპანიაზე „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ გაიცა ლიცენზია რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. ლიცენზიის მფლობელს სავალდებულოდ შესასრულებლად განესაზღვრა სალიცენზიო პირობები, მათ შორის არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარებისათვის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსება და სხვა, მაგრამ ამ დრომდე მას არც ერთი პირობა არ შეუსრულებია, ამიტომ მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წლის 23 მარტს, კომპანიაზე „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” გაიცა ლიცენზია რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. ლიცენზიის მფლობელს სავალდებულოდ შესასრულებლად განესაზღვრა სალიცენზიო პირობები: არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება; სამოყვარულო და სპორტული ნადირობის, შემეცნებითი, რეკრეაციული, სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარებისათვის, სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსება; ზურმუხტის ქსელის შეფასება; სისტემატური შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, თანამშრომლობა შესაბამის მუნიციპალიტეტთან, რათა საქმიანობის პროცესში გათვალისწინებულ იყოს ადგილობრივი მოსახლეობისა და მეწარმეთა ინტერესები; სამონადირეო მეურნეობის ზონირება; საინფორმაციო დაფების და გამაფრთხილებელი მანიშნებლების მოწყობა ყველა ძირითად შესასვლელში და ტურისტულ მარშრუტებზე; სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოქმედების პერიოდში, სამონადირეო მეურნეობაში ადგილობრივ მოსახლეობის დასაქმება (დასაქმებული პერსონალის 80%).
დღეის მდგომარეობით, ლიცენზიანტის მხრიდან განხორციელებული არა არის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობა.
ამასთანავე, გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემოსულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მომართვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიანტისთვის სალიცენზიო ვალდებულებების სტატუსისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის მიზნით. განხორციელდება ინფორმაციის გამოთხოვა ყველა შესაბამისი უწყებიდან, მათ შორის, ლიცენზიანტისგან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.