ერთი თვეც არაა გასული, რაც მთელი საქართველო ფეხბურთის ეიფორიამ მოიცვა – ყველა თემა გადაფარა, საზოგადოება დადებითი ენერგიით აავსო;
გაჩნდნენ ახალი გმირები – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც არაჩვეულებრივი თამაშით მთელ ქვეყანას დაუვიწყარი სიხარული გვაჩუქეს.
მათ მიმართ მედიის ყურადღება გასაგებია – ყველას აინტერესებს, ვინ რა ისტორიით შეუერთდა ქართული (და უკვე მსოფლიო) ფეხბურთის სამყაროს, ვინ შეყვარებულია, ვინ – დაოჯახებული.
თუმცა, როგორც ყოველთვის, აქაც უკიდურესი მაქსიმალიზმი გამოვავლინეთ, ეს კი ის საცდურია, როდესაც ეიფორია ისტერიაში გადაიზრდება ხოლმე.
ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენი ვარსკვლავი ფეხბურთელები უკვე ტელე-ვარსკვლავებადაც იქცნენ – ყველა არხზე, ინტერნეტ თუ სხვა პლატფორმებზე შეხვდებით მათთან ინტერვიუებს, სხვადასხვა სტილისა და ხასიათის ბლოგებს.
ყველაზე რეიტინგული რესპონდენტი ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი აღმოჩნდა, რომელმაც სრულიად ტელე და სოციალური მედია დაიპყრო – თავისი პროფესიონალიზმით, ინტელექტით, თავდადებული ძალისხმევით, უამრავი თვისებით, რითაც მაყურებელში უპირობო აღტაცება დაიმსახურა.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც ის მოხდა, რასაც „ჟანრის კლასიკას“ ვეძახით ხოლმე და რაც მედია-ეიფორიის საფრთხეებს გულისხმობს:
რამდენიმე დღეა, არ წყდება სჯა-ბაასი გიორგი გველესიანის ერთი მოსაზრების გამო, რომელიც მან ქალთა ფეხბურთის შესახებ გამოთქვა – „ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არისო“.
თუმცა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ „როცა ჩვენი, ქალთა ნაკრების თამაშს ვუყურებ, გაკვირვებული ვარ და შესაძლოა ჩემი აზრი მალე შეიცვალოსო“.
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა, სულ ცოტა ხნის წინ, მართლაც დიდ წარმატებებს მიაღწია და გველესიანის, როგორც პროფესიონალის და საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრისთვის, ეს უპირობოდ სასიხარულო ამბავია, თუმცა, მის ინტერვიუს მაინც მწვავე კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში.
კრიტიკა არც პოლიტიკოსებმა „დაიზარეს“. მაგალითად, ხატია დეკანოიძემ: – „ბოროტებაა, როცა ქალების ფეხბურთის წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი კაცი ფეხბურთელი ამბობს, რომ „ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის“. დეკანოიძემ ფეხბურთელი სექსიზმში დაადანაშაულა, თუმცა, განსაკუთრებით კომიკური და უადგილო ამ პოსტში, თავად გველესიანისთვის, სიტყვა „ბოროტება“ აღმოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუკით არ სარგებლობს, ამ ისტერიული შემოტევის შემდეგ, გიორგი გველესიანმა საჭიროდ მიიჩნია, საზოგადოებისთვის საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ განემარტა. ხატია დეკანოიძის პასუხად სპორტსმენმა დაწერა: „ჩვენ ორს შორის მე არც ღვარძლის თესვით ვარ დაკავებული და არც მოსახლეობის ცნობიერების ძირგამომთხრელ საქმიანობას ვეწევი.“
გველესიანის ვრცელი პასუხი ამ ფრაზით მთავრდება: „ვიმედოვნებ, მედიის მხრიდან ჩემზე ინტერესი ამით დასრულდება და მომეცემა საშუალება, მშვიდად ვაკეთო ჩემი საქმე.“
ფეხბურთელის პასუხი ერთგვარი გაფრთხილებაც უნდა იყოს, როგორც მედიის, ისე საზოგადოებისთვის. ისინი ხომ რესპონდენტში/აქტორში, უპირველესად, საკუთარ ინტერესებს ხედავენ და არა ინდივიდს, რომელსაც თავისი სამყარო, საკუთარი აზრები და მსოფლხედვა აქვს.
როცა ეს ინტერესები და ინდივიდების სამყარო ერთმანეთს ჯანსაღად დაემთხვევა, მაშინ ეიფორიაც არათუ ისტერიად, არამედ უფრო დიდ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებად გადაიქცევა.