„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დახმარებით, 4 ფოთელი ახალგაზრდა უმაღლეს განათლებას საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იღებს

„ეიპიემ ტერმინალს “ გასულ წელს შეუერთდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატისა და MAC Georgia-ს (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის) სასტიპენდიო პროგრამას და სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი გახდა. პროგრამის ფარგლებში, კომპანიის ფინანსური დახმარებით, 4 ფოთელი ახალგაზრდა უმაღლეს განათლებას საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იღებს.
ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს “ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტიპენდიანტები შეირჩნენ გასული წლის პირველ სემესტრში სოციალური მდგომარეობის, ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე.
„მას შემდეგ, რაც ფოთელი სტუდენტებისთვის გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გავხდი, აქტიურად ჩავერთე პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში. სტიპენდია სრულად ფარავს საუნივერსიტეტო ხარჯს და საცხოვრებელი ხარჯის ნაწილს, პარალელურად, ხელს გვიწყობს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის განვითარებაში, მათ შორის გვათავაზობენ ინგლისურის კურსებსაც“, – განაცხადა სტიპენდიანტმა საბა მირცხულავამ.
„წარმატებით ჩავაბარე უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები და APM Terminals-ის მხარდაჭერით, მალევე ამ პროგრამის სტიპენდიანტი გავხდი. ეს არის პროექტი, რომელიც სტუდენტებს ჩვენი პოტენციალის რეალიზებაში გვეხმარება, გვაცნობს ახალ-ახალ ადამიანებს და გვთავაზობს სხვადახვა კურსს ჩვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. ჩემთვის ამ პროგრამის სტიპენდიანტობა საამაყო და დამატებითი სტიმულის მომცემია!“, – აღნიშნა სტიპენდიანტმა ლანა უბილავამ.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ცნობით, ამჟამად, პროექტის მხარდამჭერები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი 26 კომპანიაა, ხოლო ჯამში, დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა 60-ს აღემატება.
მათივე ინფორმაციით, დაფინანსებასთან ერთად, პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები ასოციაციის წევრ კომპანიებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ და დაესწრებიან პროფესიულ ტრენინგებსა და ლექციებს.