ევროპის 20 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი თბილისში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის საერთაშორისო ფორუმს დაესწრო, სადაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მხარდაჭერით ფოთის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფორუმში მონაწილეობა მივიღე, არამარტო ჩემს თანაქალაქელებს დავუახლოვდი, არამედ უცხოელებსაც დავუმეგობრდი და მსოფლმხედველობა გავიფართოვე. ახლა უკვე შემიძლია მივმართო ჩემს გამოცდილ უცხოელ მეგობრებს და ვკითხო რჩევა, რათა ჩემს ქალაქშიც საინტერესო აქტივობები განვახორციელო”, – აღნიშნა ფორუმის მონაწილე მატილდა გვათუამ.
კიდევ ერთი მონაწილის თაზო ჩაჩიბაიას თქმით, ,ევროპის პარლამენტის ფორუმის შესახებ სწორედ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მეშვეობით გაიგო.
,,ევროპის პარლამენტის ფორუმის შესახებ გავიგე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ფეისბუქ გვერდიდან და რადგან სულ მინდოდა, რომ მონაწილეობა მიმეღო ღონისძიებაში, სადაც სხვა ევროპული კულტურის ხალხს გავიცნობდი, შევავსე აპლიკაცია. ვფიქრობ, ყველა ფოთელი, ვინც ფორუმზე იყო, დღეიდან უფრო აქტიურად ჩაერთვება ქალაქში არსებულ სამოქალაქო ინიციატივებში“, – აღნიშნა ფორუმის მონაწილე თაზო ჩაჩიბაიამ.
ფოთის პორტის ინფორმაციით, „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი“ (European Youth Parliament (EYP) უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაეცნონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდების მოსაზრებებს და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.