საოპერაციო შესაძლებლობებისა და პროცესების გაუმჯობესების მიზნით, „ეიპიემ ტერმინალსმა“ ფოთის პორტის მიმდებარედ შეისყიდა და გააუმჯობესა დამატებითი ტერიტორია. ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი საკონტეინერო ეზო, რომლის ფართობი 5.4 ჰექტარია, წარმოადგენს კიდევ ერთი ინვესტიციის შედეგს, რომლის მიზანიც ნავსადგურში გემის დაყოვნების დროის შემცირებაა.
„ამჟამად, „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთი წარმოადგენს მთავარ კარიბჭეს საქართველოსა და კავკასიის რეგიონისთვის. ამასთან, მისი, როგორც სანდო ჰაბის, მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, რომლებიც ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაციას ცდილობენ.
კომპანიის საოპერაციო გუნდი უკვე წარმატებით ახორციელებს ოპერაციების ოპტიმიზაციას და პორტში დაყოვნების დროის შემცირებას. ამისთვის უკვე შემუშავებულია წინასწარი დასაწყობების პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც საკონტეინერო გემებისთვის კონტეინერები პორტის გარეთ არსებული ტერმინალებიდან წინასწარ შემოდის და ადგილზე ინახება. ამ გზით, კომპანია ცდილობს შეინარჩუნოს ოპერაციების მაღალი ეფექტიანობა და ამავდროულად გაზარდოს პორტის კონკურენტუნარიანობა შავი ზღვის რეგიონში.
დამატებითი სივრცე საშუალებას იძლევა გაფართოვდეს წინასწარი დასაწყობების შესაძლებლობები. ამასთანავე, გაზრდილი სასაწყობო სივრცე შესაძლებელს ხდის ისეთი საპროექტო ტვირთების შემოტანას, რომელთა მიღება აქამდე, შეზღუდული ინფრასტრუქტურისა თუ სივრცის გამო, საქართველოში ვერ ხერხდებოდა.
„ეიპიემ ტერმინალს“ ფოთი გეგმავს, რომ გაზრდილი შესაძლებლობები გამოიყენოს სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან დამატებითი ტვირთის მოსაზიდად, რაც ხაზს უსვამს გუნდის ერთგულებას საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვანი და მზარდი სატრანსპორტო ჰაბის განვითარებისადმი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
