ეთიკის კომისიის წევრი: ყველანაირი არგუმენტი იქნება გამოქვეყნებული

პროტესტში მონაწილე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს, უნივერსიტეტის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, სტატუსი შეუწყდა.

სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, სტატუსის შეწყვეტაზე შეტყობინება უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა მიიღო. მათ აქვთ უფლება, 3 დღის ვადაში რექტორთან გაასაჩივრონ გადაწყვეტილება. რექტორი კი უფლებამოსილია, ერთი თვის ვადაში მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

უნივერსიტეტის ეთიკის კომისია მუდმივმოქმედია და 7 წევრისგან შედგება. „პუბლიკას“ ეთიკის კომისიის შემადგენლობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

კომისიის წევრები არიან:

 რექტორის მოადგილე;

გიორგი ფხაკაძე – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;

გიორგი სიხარულიძე – დრამის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

მერაბ ურუშაძე – კინო-ტელე ფაკულტეტის პროფესორი;

ქეთევან ტრაპაიძე – სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ნათია გოგიჩაიშვილი – იურისტი;

თინათინ ასათიანი – სტუდენტური თვითმმართველობა.

მონაწილეობდნენ თუ არა ისინი განხილვაში, ამის გადასამოწმებლად „პუბლიკამ“ მათთან დაკავშირება სცადა.

ჩვენს სატელეფონო ზარს კომისიის მხოლოდ ერთმა წევრმა, ქეთევან ტრაპაიძემ უპასუხა, რომელმაც დაადასტურა, რომ სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა.

ქეთი ტრაპაიძეს ვკითხე, რის საფუძველზე მიიღეს სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

„სამართლებრივი არგუმენტებიც და ყველანაირი არგუმენტიც იქნება გამოქვეყნებული… ჯერ ერთი, ვებგვერდზე გაეცანით, თუ შეიძლება, ინფორმაციას. ახლა არ მცალია.

ჟურნალისტი: უნივერსიტეტის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წარმოდგენილი არ იყო სამართლებრივი დასაბუთება – კონკრეტულად, წესდებით განსაზღვრული რომელი ნორმის დარღვევის გამო შეუწყვიტეთ სტატუსი სტუდენტებს?

ქეთი ტრაპაიძე: ეთიკის კოდექსში ჩამოთვლილი ყველა ის ნორმა, რომელიც გახლდათ დარღვეული.

ჟურნალისტი: რომელი ნორმის დარღვევა დაადასტურეთ თქვენ? ჩამოგვითვალეთ, მაგალითად, რა დაირღვა, რაც შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად…

ქეთი ტრაპაიძე: თქვენ ცდილობთ, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც სხვებს სურთ და თან არ მცალია, ვერ გიპასუხებთ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმით ვართ დაკავებული.

ჟურნალისტი: 10 სტუდენტის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღეთ და ეს საქმე მნიშვნელოვანია…

ქეთი ტრაპაიძე: ამას ჟურნალისტიკა არ ჰქვია, ეს არის დევნა და ამაზეც არსებობს სამართლებრივი პასუხი.

ქეთი ტრაპაიძემ ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენთან საუბარის გაგრძელება აღარ ისურვა.

  • „პუბლიკა“, ასევე, ცდილობდა გიორგი მარგველაშვილთან, გიორგი სიხარულიძესა და გიორგი ფხაკაძესთან დაკავშირებას, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს და არ ვიცით, მონაწილეობდნენ თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში.