საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ეკლესიასთან მიმართებით “ბევრ კითხვას ბადებს”.
“პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მით უმეტეს, რომელსაც თავი ეკლესიის მრევლად მიაჩნია, ეთიკას მოკლებულია მოქმედი პატრიარქის სისუსტეზე და პატრიარქის ცვლილებაზე საუბარი, სხვა საკითხია, რომ ეს ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევაა.
გაუგებარია, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი “ეკლესიის ძველ მეთოდებზე“ , ისევე, როგორც ეკლესიის მხრიდან “პროდასავლური რიტორიკის მიყოლის” შესახებ საუბრისას. რას ნიშნავს ეკლესია “ახლოსაა ძალასთან”?
სამწუხაროა ასეთი ზედაპირული და შაბლონური დამოკიდებულების მოსმენა პრეზიდენტის სიმაღლიდან და ქართულ ეკლესიაში პროქართულ, პროევროპურ თუ პრორუსულ არჩევანზე საუბარი ჩრდილს აყენებს და აკნინებს, არა იმდენად ეკლესიას, რამდენადაც თავად კომენტარის ავტორს” – წერს ჯაღმაიძე.
ლონდონში, Chatham House-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ეკლესიის როლის შესახებ ჰკითხეს.
“ზოგიერთი საქართველოს ეკლესიას ხედავს, როგორც რუსეთის რბილ ძალას, რომ რუსეთი უფრო და უფრო მეტ გავლენას იძენს საქართველოს ეკლესიაში. პატრიარქი არის მოხუცი და არსებობს შიში, რომ როდესაც ის გარდაიცვლება, და ღმერთმა არ ქნას, ეს მალე მოხდეს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიაში პრორუსული ტენდენცია იყოს, იმ ეკლესიაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გავლენა აქვს საქართველოს საზოგადოებაში“, – თქვა კითხვის ავტორმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ეკლესიასთან დაკავშირებით ძალიან კომპლექსური სიტუაციაა.
“ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის პატრიარქის სისუსტე. იმ პატრიარქისა, რომელმაც ეკლესიის გეზი ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ჩემი აზრით, მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებელ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ხელისუფლებასთან და მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებას. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ეკლესიაც მიჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. ვინაიდანაც მე გახლავართ ოპტიმისტი და მჯერა საქართველოს მედეგობის, ამიტომ, იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესიაც შეძლებს, აირჩიოს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქი და არა პრორუსი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა (გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი).