გრიგოლ ბესელია არის პროვოკატორი და ამ რეგიონში პროვოკაციისთვის, ძალადობისთვის და დესტაბილიზაციისთვის არის ჩამოსული, – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ აჭარის მთავრობის სახლთან მედიასთან მას შემდეგ განაცხადა, რაც აჭარის პოლიციის უფროსს, გრიგოლ ბესელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მისივე თქმით, „გრიგოლ ბესელიამ და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ იძალადეს „ბათუმელების“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელზე, ამიტომ მათ გამოჩენას ყოველთვის პროტესტი მოჰყვება“.
„ესენი არიან პროვოკატორები, რომ შემდეგ ადამიანები დაიჭირონ. მათ არ შეუძლიათ ცემის გარეშე, მათ არ შეუძლიათ დამცირების გარეშე. გრიგოლ ბესელია არის პროვოკატორი და ამ რეგიონში პროვოკაციისთვის, ძალადობისთვის და დესტაბილიზაციისთვის არის ჩამოსული – გრიგოლ ბესელია და მისი ხელის ბიჭი დგებუაძე, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს. ამ ორმა ადამიანმა იძალადა მზია ამაღლობელზე. ამ ადამიანების გამოჩენას მოჰყვება ის , რაც ახლა ნახეთ. კორუმპირებული , ზნედაცემული პოლიციელები არიან“,- განაცხადა თურაძემ.
ინფორმაციისათვის, აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური იყო, საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ტროტუარზე ცდილობენ, რისი საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. პროტესტი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციელებმა ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეების მიერ ტროტუარზე გაშლილი კარავი დაშალეს.
