სახელმწიფოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების „ევრო 2024“-დან დაბრუნების აღსანიშნავად გასამართი ღონისძიებები საბოლოო ჯამში, 354 400 ლარი დაუჯდა.
7 აგვისტოს გამოცემული სამთავრობო განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სდაიხარჯა 354 400 ლარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების „ევრო 2024-დან“ დაბრუნების აღსანიშნავად გასამართი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით.
სხვათა შორის, თავდაპირველად ამისთვის 260 000 ლარის გამოყოფა იყო გათვალისწინებული, რაც 2 ივლისს გამოცემული განკარგულებაშია აღნიშნული, თუმცა, მოგვიანებით, მთავრობამ თანხის მოცულობა დაახლოებით 100 000 ლარით გაზარდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები სამშობლოში 2 ივლისს დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ ქომაგები დახვდნენ. საღამოს კი დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე ეროვნული ნაკრების წევრებთან შეხვედრის ცერემონია გაიმართა.
