ევრო ოთხთვიან პიკს აღწევს, აშშ დოლარი კი ტარიფებით გამოწვეული შიშების გამო იკლებს – Reuters

ევრო დოლართან მიმართებაში ოთხთვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა, რადგან გერმანიის მიერ შეთავაზებული 500 მლრდ ევროს (531 მლრდ დოლარის) ინფრასტრუქტურული ფონდის შემდეგ ევროპის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა გაუმჯობესდა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მეორეს მხრივ, დოლარი უმეტეს ვალუტებთან მიმართებაში ინფლაციასა და ეკონომიკაზე ტარიფების გავლენის შიშებით დაეცა. ინვესტორები აშშ-ის ეკონომიკის აშკარა შემცირების პოტენციალს ხედავენ. კერძოდ, ტრეიდერები წელს აშშ-ის რეცესიას 42%-იანი ალბათობით აფასებენ.
მიმდინარე კვირას ევრო 4%-ით გაიზარდა, რაც 2022 წლის ნოემბრის შემდეგ კვირის საუკეთესო მაჩვენებელია. მიზეზად სამშაბათს გვიან გავრცელებული განცხადებაა, რომ გერმანიის მომავალ მთავრობას ახალი ფონდის შექმნა და სესხის აღების წესის გადახედვა აქვს დაგეგმილი.
ევრო 8 ნოემბრის შემდეგ დოლართან მიმართებაში უმაღლეს დონემდე, ბოლოს კი 1,5%-ით, 1,0791 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2023 წლის ნოემბრის შემდეგ საუკეთესო დღიური მატების ტემპია. ევრო, ასევე, სხვა ვალუტებთან, მათ შორის, ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, იაპონურ იენთან და შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებითაც გამყარდა.
დოლარის ინდექსი, რომლის უმსხვილესი კომპონენტი ევროა, 1.2%-ით, 104.29-ნიშნულამდე დაეცა და 8 ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.
ამასთან, მოელიან, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, რადგან სუსტი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას ცდილობს.
დოლართან მიმართებაში სხვა ევროპული ვალუტებიც გამყარდა. მაგალითად, სტერლინგი ოთხთვიან პიკამდე, 1,2899-ნიშნულამდე გაიზარდა და ბოლოს +0,8%-ით, 1,2897 დოლარად ივაჭრებოდა. შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებაში დოლარი 0.2%-ით გაიზარდა და 0.8903 ფრანკი შეადგინა.
დოლარი იენის მიმართ 0.6%-ით დაეცა და 148.87-ნიშნულამდე შეადგინა.
კანადური დოლარი 0,3%-ით გაიზარდა და აშშ დოლართან მიმართებით 1,4341-ნიშნული შეადგინა.
ოფშორული ჩინური იუანი 0,2%-ით, 7,239 დოლარამდე გაიზარდა.
ამერიკული ვალუტა აშშ-ში ეკონომიკური ზრდის შენელების ნიშნებმაც შეასუსტა, რაც ნაწილობრივ ტარიფების შესახებ გაურკვევლობის შედეგია. აშშ-ის ეკონომიკის ბოლო მაჩვენებლები შერეული იყო. კერძოდ, გასულ თვეში კერძო სექტორის სამუშაო ადგილების ზრდა მკვეთრად შენელდა, ხოლო მომსახურების სექტორი ფასების ზრდის დაჩქარების გამო ფართოვდებოდა. მაგალითად, თებერვალში კერძო სექტორი მხოლოდ 77,000 სამუშაო ადგილით გაიზარდა, მაშინ, როცა იანვარში 186,000-იანი მატება დაფიქსირდა. ამასთან, Reuters-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები თებერვალში კერძო დასაქმების ზრდას 140,000 ადგილით პროგნოზირებდნენ.
მეორეს მხრივ, თებერვალში აშშ-ის მომსახურების სექტორი მოულოდნელად გაიზარდა. კერძოდ, მიწოდების მენეჯმენტის არასაწარმოო შესყიდვების მენეჯერების ინდექსი გასულ თვეში 53.5-მდე გაიზარდა, რაც იანვარში 52.8-ს შეადგენდა.
Bpn.ge