ევროს დიზაინი იცვლება – ახალ ბანკნოტებზე მდინარეები, ფრინველები ან კულტურული ობიექტები იქნება გამოსახული

ევროპული ვალუტის რე-დიზაინის ფარგლებში გადაწყდა, რომ უარი თქვან ფანჯრების, თაღებისა და ხიდების გამოსახულებებზე, რომლებიც ბანკნოტებს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამშვენებდა. ევროპის ცენტრალური ბანკი ევროს პირველი რე-დიზაინისთვის ვარიანტებს განიხილავს, ახალ ბანკნოტებს ან მდინარეების და ფრინველების, ან ევროპული კულტურის ობიექტების გამოსახულებები დაამშვენებს. სწორედ ამ ორი მოტივიდან ერთ-ერთი ჩაანაცვლებს კარიბჭეების, ფანჯრებისა და ხიდების გამოსახულებებს.
„ორივე შერჩეულ თემას აქვს ელემენტები, რომლებიც აკავშირებს ევროპასა და ევროპელებს“, – ნათქვამია ECB-ის პრეზიდენტის ქრისტინ ლაგარდის განცხადებაში.
„ისინი შეესაბამება ჩვენს მიზანს, გავხადოთ ბანკნოტები უფრო გასაგები ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანებისთვის“.
ივლისის კონსულტაციების დროს წამოჭრილი სხვა იდეები – ხელების გამოსახულებები ან უფრო აბსტრაქტული, როგორიცაა “მომავალი ევროპა” ან “ჩვენი ევროპა” – უარყოფილ იქნა მას შემდეგ, რაც მათ მხარი არ დაუჭირეს გამოკითხვის მონაწილეებმა.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა არ განიხილა უფრო ტრადიციული დიზაინის ვარიანტები – ცნობილი ღირსშესანიშნაობებით ან ისტორიული ფიგურებით. შესაძლოა, ბრიუსელს ეშინოდა, რომ ეს გამოიწვევდა დავას ევროზონის 20 წევრ ქვეყანას შორის.
მარეგულირებლის წარმომადგენლის თქმით, როდესაც მოტივებზე მუშაობა დასრულდება, ორივე ვარიანტი ევროპულ საზოგადოებას წარედგინება. მაგრამ ახალი ფული მიმოქცევაში 2026 წლამდე არ შევა.
ციფრული გადახდები ფინანსური ანგარიშსწორების სულ უფრო პოპულარული მეთოდი ხდება – ნაწილობრივ პანდემიის წყალობით. ევროპელები სულ უფრო იშვიათად იხდიან ნაღდი ფულით. ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ნაღდი ფულით ტრანზაქციები ყველა გადახდების 59%-ს შეადგენს. შედარებისთვის, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 79% იყო.
ზოგიერთი კანონმდებელი შეშფოთებულია ამ ტენდენციით, ივნისში ევროკომისიამ წარმოადგინა ახალი ზომები ნაღდი ფულის კანონიერი ფასის სტატუსის დასაცავად და ციფრული ევროს შემოღების გეგმები გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ