12 თებერვალს, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) დაიწყო ლატვიის, ლიეტუვას და პოლონეთის წინააღმდეგ მიმართული სამი საქმის განხილვა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სავარაუდო დარღვევას ეხება. ეს საქმეები უკავშირდება მოვლენებს, რომლებიც სამი-ოთხი წლის წინ, ბელარუსის ჰიბრიდული თავდასხმის კონტექსტში მოხდა.
ლატვიის წინააღმდეგ სარჩელი 2021 წლის აგვისტოში ქურთული წარმოშობის ერაყის 26 მოქალაქემ შეიტანა, რომლებიც აცხადებენ, რომ ლატვიის საზღვარზე არ შეუშვეს. მათგან 22-მა გამოთქვა სურვილი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიემართა. მოსარჩელეებმა რამდენჯერმე გადაკვეთეს ლატვია-ბელარუსის საზღვარი, მაგრამ ისინი, თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის განხილვის გარეშე, უკან, ბელარუსის საზღვარზე გააბრუნეს.
2021 წლის 20 აგვისტოს, ზოგიერთ მათგანს ლატვიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიეცა, საიდანაც ისინი დაკავებული უცხოელების განსახლების ცენტრ „დაუგავპილსში“ გადაიყვანეს.
მოსარჩელეების თქმით, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მაისამდე ცენტრში განთავსებული პირები შემდგომში ერაყში დააბრუნეს.
მოსარჩელეები ჩივიან, რომ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები, რომლებიც წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და ქვეყნიდან კოლექტიურ გაძევებას კრძალავს.
ზოგიერთი მომჩივანი, რომელიც „დაუგავპილსში“ გადაიყვანეს, მათი დაკავების კანონიერების კონტროლის დარღვევაზე საუბრობს.
ევროსასამართლოში ლატვიის ინტერესებს ელინა ლუიზა ვიტოლა იცავს, რომელიც საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებში ქვეყნის წარმომადგენელია. მოსმენის დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად ბელარუსი ევროკავშირის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ამიტომ, საქმე უფრო ფართო, გეოპოლიტიკურ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.
ლატვიის წარმომადგენლის აზრით, მოსარჩელეთა პრეტენზიები დაუსაბუთებულია და სასამართლომ არ უნდა დააკამაყოფილოს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ზოგიერთ შემთხვევაში, დამაჯერებელი არ არის.
ცალკე საკითხია საქმეში არსებული მტკიცებულებები. ლატვიური მხარე სასამართლოში წარდგენილი ყველა ვიდეოჩანაწერიდან მხოლოდ ექვსის იდენტიფიცირებას ახდენს. როგორც ვიტოლა ამბობს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემთხვევის ადგილზე კიდევ ხუთი მოსარჩელე იმყოფებოდა, რადგან ვიდეოჩანაწერებში მათი მეურვეები ჩანან.
ლატვიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ 2021 წლის 20 აგვისტოს გადაღებული და საქმეს დართული სამი ვიდეო ნამდვილად ლატვიაშია გადაღებული. თუმცა, სხვა ვიდეოჩანაწერების მიმართ ეჭვები არსებობს.
„რაც შეეხება სხვა ჩანაწერებს, სასაზღვრო კედლის არარსებობის გამო, უცნობი პირები, როგორც ჩანს, ლატვია-ბელარუსის საზღვრის გასწვრივ მოძრაობდნენ. თუმცა, ვინაიდან ამ ვიდეოჩანაწერებმა ციფრული ცვლილებები განიცადეს, ამიტომ ჩაწერის ზუსტი დროის დადგენა შეუძლებელია“, – განაცხადა ვიტოლამ. გარდა ამისა, ამ ვიდეოებით ვერ დგინდება, რომ მოსარჩელეები ლატვიაში თავშესაფარს ითხოვენ. ვიტოლა ასევე ამბობს, რომ როგორც ლატვიელ ოფიციალურ პირებს, ისევე მოსარჩელეებს შორის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანების არსებობის მიუხედავად, ლატვიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნა არ გაჟღერებულა. აქედან გამომდინარე, ლატვია მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მათი ბრალდებები არ დასტურდება.
ვიტოლამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2021 წლის აგვისტოდან სახელმწიფო სასაზღვრო დაცვამ ლატვიაში შესვლის უფლება, ჰუმანიტარული ნიშნით, რამდენიმე ასეულ ადამიანს მისცა.
ლატვიის წარმომადგენელმა იმ გარემოებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ მოსარჩელეებმა არ გამოიყენეს შესაძლებლობა, არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივარი შიდა უსაფრთხოების ბიუროში წარედგინათ.
მოდავე მხარე ამ საქმეში, ძირითადად, ლატვიის მთავრობის პოზიციას და არგუმენტებს აკრიტიკებს. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, ადვოკატი ნიკოლა ჰარტი საკმაოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებს.
„ლატვია ამტკიცებს, რომ ბელარუსი, მიგრანტების გამოყენებით, ევროკავშირისთვის და მთლიანად, ევროპისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა ევროპულ მართლწესრიგს მაშინ მიადგება, თუ ევროკავშირში შემავალ სახელმწიფოებს ბელარუსი აიძულებს, უარი თქვან ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე, უარი თქვან წამებისა და არასათანადო მოპყრობის აბსოლუტურ აკრძალვაზე, დაუშვან თავშესაფრის მაძიებელთა კოლექტიური გაძევება და თავშესაფრის მაძიებელი ბავშვები დაკავების ცენტრებში ამყოფონ იმ შემთხვევების დროს, როდესაც ისინი ოჯახებთან ერთად ყოფნას ამჯობინებენ. ბელარუსის შემოტევაზე ყველაზე ძლიერი პასუხი კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შელახვა კი არა, არამედ მათი დაცვა და პატივისცემა იქნებოდა“, – განაცხადა მან.
ევროსასამართლოს სხდომაზე მესამე მხარედ ფინეთი და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი არიან წარმოდგენილნი.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა, მარკო ბოსნიაკმა მოსმენის შემდეგ განაცხადა, სასამართლომ მხარეთა არგუმენტებისა და მტკიცებულებების განხილვა მხოლოდ ახლა დაიწყო, ამიტომ განაჩენის გამოცხადების დრო ამ ეტაპზე ჯერ უცნობია.
წყარო: 1 არხი
