ევროსასამართლომ რუსეთს ე.წ. ბორდერიზაციის საქმეზე საქართველოსთვის 253 მილიონ ევროზე მეტის გადახადა დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
ეს ეხება „საქართველო ს წინააღმდეგ” საქმის IV ფაზას.
გადაწყვეტილება განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე კომპენსაციის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2025 წლის 14 ოქტომბერს გამოაცხადა.
როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები.
შედეგად, რუსეთის ფედერაციას ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს:
· 224,25 მილიონი ევრო მინიმუმ 23 000 ეთნიკური ქართველისთვის სახლზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომის უკანონო შეზღუდვისთვის (მე-8 მუხლის – პირადი, ოჯახური და საცხოვრებლის პატივისცემის უფლებისა და პირველი ოქმის პირველი მუხლის – საკუთრების დაცვის – დარღვევა);
· 20 მილიონი ევრო მინიმუმ 4000 ეთნიკური ქართველისთვის ქართულ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევისთვის (პირველი ოქმის მე-2 მუხლის – განათლების უფლების – დარღვევა);
· 5, 172 მილიონი ევრო მინიმუმ 2 586 ეთნიკური ქართველის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დაკავების შემდეგ (მე-5 მუხლის – პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების – დარღვევა);
· 1,98 მილიონი ევრო რუსეთის ან დე ფაქტო აფხაზური და სამხრეთოსური ძალების მიერ დაკავებული მინიმუმ 76 ეთნიკური ქართველის წამებისა და არასათანადო მოპყრობისთვის, ასევე ამ ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობისთვის (მე-3 მუხლის – არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის – დარღვევა);
· 1,3 მილიონი ევრო მინიმუმ 20 ეთნიკური ქართველისგან შემდგარი ჯგუფის წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის (მე-2 მუხლის – სიცოცხლის უფლების – დარღვევა);
· 320 000 ევრო მინიმუმ 64 ეთნიკური ქართველის გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის (მე-4 ოქმის მე-2 მუხლის – გადაადგილების თავისუფლების – დარღვევა).
თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. 2022 წლის 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებას “რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკურ გაგრძელებად” აფასებს.
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.
“გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. მასში ნათქვამი იყო „ქართული მოსახლეობის მასობრივი შევიწროების“, ასევე „დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციული პრაქტიკის“ შესახებ ცენტრალური მთავრობის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე და მათთან ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ. კერძოდ, საქმე ეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიკვდილს.