ევროსაბჭო სომხეთს ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებისკენ მოუწოდებს – Netgazeti

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში რეკომენდაცია გასცა, რომ ქვეყანამ მიიღოს სრულყოფილი ანტი-დისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო.კომისარმა დადებითად შეაფასა სომხეთის პროგრესი, მათ შორის დარგობრივი კანონმდებლობის გაუმჯობესება, სისხლის სამართლის კოდექსში არსებული გარანტიები და ადამიანის უფლებათა დამცველის აქტიური ჩართულობა. ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ამჟამად ამზადებს დისკრიმინაციის პრევენციისა და დაცვის შესახებ კანონპროექტს.ო’ფლაჰერტიმ სომხეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, ეს შესაძლებლობა გამოიყენოს ძლიერი ანტი-დისკრიმინაციული სისტემის შესაქმნელად, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მრავალფეროვანი საზოგადოების საჭიროებებს. მისი თქმით, პროცესი უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროპის საბჭოს მონაწილეობით.კომისარმა ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რათა მომავალი კანონი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს სტანდარტებს. მათ შორის არის ადამიანის უფლებათა დამცველისთვის მკაფიოდ განსაზღვრული მანდატის მინიჭება, შესაბამისი უფლებამოსილებებითა და რესურსებით, რათა ეფექტურად ებრძოლოს დისკრიმინაციას და ხელი შეუწყოს თანასწორობას.ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფა ლგბტქი პირების უფლებების დაცვის საკითხში, ისეთი ორგანიზაციების ჩართულობის შესაძლებლობა, რომლებსაც აქვთ ლეგიტიმური ინტერესი ანტი-დისკრიმინაციულ საქმეებში, და სიძულვილის ენის პრობლემის ეფექტური რეგულირება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა