ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დებატები გაიმართა: საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე ფარდა ეშვება

„საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების წინაშე მყოფ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოწოდება“ – ამ სათაურმა გააერთიანა ასამბლეის წევრთა გამოსვლები, რომლებიც საქართველოში შექმნილ ვითარებას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურნენ.
დებატებზე პირველმა გამომსვლელმა პარლამენტარმა გაერთიანებული სამეფოდან სტივენ გეთინსმა აღნიშნა, რომ ევროპის კონტინენტზე ყოფნა არ ნიშნავს ევროპის ნაწილად ყოფნას, არამედ ამას სჭირდება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებების დაცვა და რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად დგომა არის ევროპის წევრობის პირობა:
„ოპონენტების დაპატიმრება და განსხვავებულის ჩახშობა არის იმის საპირისპირო, რის დასაცავადაც ეს ასამბლეაა და ჩვენ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ და ჩვენი გზავნილი უნდა იყოს, რომ დიახ, ევროპის ყველა სახელმწიფოს მივესალმებით, მაგრამ მათ უნდა დაიცვან წესები. ამასთან დაკავშირებით, ბატონო პრეზიდენტო, გავიხსენებ ჩვენს წლევანდელ რეზოლუცია 2600-ს, რომლითაც მოვუწოდებდით პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და გამოვხატავდით შეშფოთებას დაპატიმრებებისა და სამართლებრივი პროცესის ბოროტად გამოყენების გამო საქართველოში. ახლა ღირს ამის გახსენება”.
სტივენ გეთინსმა განაცხადა:
„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა საქართველოში ჩვენი მეგობრების და ყველას მიმართ, ვინც მიისწრაფვის იმ უფლებებისკენ, რომლებითაც ჩვენ ვსარგებლობთ. დღეს ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ დავიკავოთ პოზიცია და უზრუნველვყოთ ეს უფლებები, რომ ეს დემოკრატიული უფლებები იყოს დაცული. სად შეიძლება ამის გაკეთება უკეთესად, ვიდრე ამ ადგილას, სადაც ათწლეულების განმავლობაში ვიცავთ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ჩვენს კონტინენტზე, ჩვენი განსხვავებების მიუხედავად”.
კიდევ ერთმა დეპუტატმა გაერთიანებული სამეფოდან პერან მუნმა სანქციების საჭიროებას გაუსვა ხაზი:
„თუკი სერიოზულად ვუდგებით იმათ მხარდაჭერას, ვინც მამაცურად უპირისპირდება პოლიტიკურ დევნას საქართველოში, ჩვენ სამიზნეში უნდა ამოვიღოთ ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირები არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებით. ეს ნიშნავს მათი ქონების გაყინვას, დასავლურ განათლებასა და ინსტიტუტებზე წვდომის შეზღუდვას და არ მივცეთ მათ საზღვარგარეთ დასვენების ფუფუნება, როცა ისინი შინ დემოკრატიას ანგრევენ. ე.წ. „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ სისხლის სამართლის დამნაშავეებად აქცევს დაურეგისტრირებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს და „მემკვიდრე პარტიების შესახებ“ კანონი კრძალავს ოპოზიციურ პარტიებს ოქტომბრის თვითმმართველობის ს წინ”.
მუნმა აღნიშნა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ კორუფციასა და რეპრესიებში თანამონაწილეობისთვის სანქციები დაუწესა მოსამართლეებს, მინისტრებსა და პოლიციის მაღალჩინოსნებს. მისი განცხადებით, “ამის გაკეთება შესაძლებელია” იმ დროს, როცა “საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე ფარდა ეშვება. …მაშინ, როცა ქართველ ხალხს ყველაზე მეტად ვჭირდებით, ზურგს ნუ შევაქცევთ მათ”.
უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ აღნიშნა, რომ საქართველო, კიდევ ხუთ ქვეყანასთან ერთად არ შეუერთდა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიულ დანაშაულზე საგანგებო ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას:
“იცით, რომ წევრი სახელმწიფოებიდან ექვსს არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებაზე და ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთი არის საქართველო. და საქართველო თავად არის ს აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, თითქმის იგივე ნაწილი, რაც უკრაინისა. ასე რომ, ისმება შეკითხვა: ვისზე მუშაობს სინამდვილეში საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი ბატონები, როცა ოპოზიციის ლიდერებს აპატიმრებენ? ეს არ არის საქართველოს ხალხის ხმა. ეს არის კრემლის ჩურჩული. საქართველოს ხალხი იმსახურებს ლიდერებს, რომლებიც მათ მხარი-მხარ დგანან და არა ბატონ ვლადიმირ პუტინთან”.
გონჩარენკომ ასე დაასრულა გამოსვლა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ საქართველო მოსკოვისგან დავიხსნათ. დავუბრუნოთ საქართველო ქართველ ხალხს. „საქართველოს გაუმარჯოს!“
ავსტრიელი დეპუტატმა პეტრა ბაირმა ისაუბრა როგორც საქართველოში მიმდინარე პროტესტზე, ისე ოპოზიციისა და მომიტინგეების მიმართ გამოყენებულ „რეპრესიულ ზომებსა“ და ამკრძალავ საკანონმდებლო ცვლილებებზე:
„ჩვენი პასუხი უნდა იყოს მკაფიო: ჩვენი საერთო ღირებულებები გულისხმობს წითელ ხაზებსაც – რომ ადამიანების დაპატიმრება იმის გამო, რომ მათ სურთ ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა, როგორებიცაა გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება, ცალსახად დაუშვებელია. ეს იყო ყველა იმ წინაპირობის შეხსენება, რომლებიც საქართველოს დელეგაციას ასამბლეაში დასაბრუნებლად დავუწესეთ. პრობლემა ისაა, რომ ამ დროისთვის არ მოჩანს არანაირი პოზიტიური ნიშნები. ასე რომ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ მოხდება ფუნდამენტური ცვლილება და საქართველოს დელეგაცია მალე დაბრუნდება. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ იმედი და კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოვახდინოთ მათზე, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები, გამოიძიონ აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობრივი ქმედებები და რა თქმა უნდა, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები“.
ჰოლანდიელმა დეპუტატმა ტეკე პანმანმა განაცხადა:
„ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ხმების ჩახშობა არ არის ძლიერების ნიშანი. ეს არის სისუსტისა და გაურკვევლობის ნიშანი. ძლიერ ლიდერებს არ ეშინიათ დიალოგის. ძლიერ ლიდერებს არ ეშინიათ თავიანთი ხალხის ხმების. ისინი მიესალმებიან დებატებს, რადგან იციან, რომ თავისუფალი საზოგადოება უფრო ძლიერი საზოგადოებაა”.
პანმანმა მიმართა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას: „დაიმახსოვრეთ, ხალხი ბრმა არ არის და ხედავს რა არჩევანია მის წინაშე. ისინი იმსახურებენ ლიდერებს, ვისაც გააჩნია გამბედაობა აღიაროს შეცდომები, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაპატიმრებულები და დაიცვას პრინციპები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე, დემოკრატიულ საზოგადოებას. მოდი, დავდგეთ ერთად თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის“.
ესტონელი პოლიტიკოსი ეერიკ-ნიილეს კროსი:
“თუკი ახლა არ ვუპასუხებთ, თანამონაწილეები ვხდებით. დუმილი აღარ არის ნეიტრალურობა. დუმილი არის ღალატი. მოგიწოდებთ მყისიერი პერსონალური სანქციების დაწესებისკენ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების: მინისტრების, პარლამენტის წევრების, პოლიციელების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების მიმართ. მოვუწოდებთ ღირსეულ მაღალჩინოსნებს, საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს საქართველოში: გადადექით და შეუერთდით ხალხს”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური ალეკო ელისაშვილს: ახლა ჩვენს წილ სამშობლოს ყიდი და არჩევნებად წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მიყვები რუსებს. და, ამ სპეცოპერაციას გვიტარებ ჩვენ – გუშინ რუსთაველზე ერთად რომ ვიდექით