ევროსაბჭოს “ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ” 6 ქართულ ორგანიზაციაზე განგაშის სიგნალი ჩართო – საუბარია საქართველოს წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც FARA- საბაბით ანტიკორუფციული ბიუროს სამიზნე გახდნენ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრებათ.
“2025 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ექვსმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (NGO) მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს წერილები, ქვეყნის ახლად მიღებული „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის ფარგლებში (საქართველოს ვერსია აშშ-ის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ – FARA). ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კანონის ამოქმედების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირი სამიზნე გახდნენ.
ორგანიზაციების განცხადებით, ბიურომ გააფრთხილა ისინი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ არ დარეგისტრირდებიან „აგენტებად“ და მოსთხოვა განმარტება, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ დადგენილ ვადებში.
ეს ექვსი ორგანიზაციაა: „სამოქალაქო საზოგადოებრივი ფონდი“ (ყოფილი „ღია საზოგადოება – საქართველო“), „საფარი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მედიის განვითარების ფონდი (MDF), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. მათ შორის ოთხი — „სამოქალაქო საზოგადოებრივი ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ISFED და MDF — მედია ადვოკატირების კოალიციის წევრები არიან და აქტიურად მუშაობენ მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით.
წერილები, რომლებიც დათარიღებულია 8 აგვისტოთი, ეფუძნება უფრო ადრე ჩატარებული მოკვლევის დროს მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის ფინანსურ და სხვა მონაცემებს და ასკვნის, რომ ორგანიზაციების საქმიანობა „შეიძლება წარმოადგენდეს პოლიტიკურ აქტივობას“ FARA-ს ფარგლებში. ბიურომ დამატებითი მონაცემებისა და განმარტებების მიწოდება ათი დღის ვადაში მოითხოვა”, – წერილია პლატფორმის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამ საკითხზე პლატფორმამ პირველი დონის განგაში ჩართო. პირველი დონე მოიცავს მედიის თავისუფლების ყველაზე მძიმე და საზიანო დარღვევებს, ისეთ ქმედებებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ან მძიმე გავლენას ახდენს მედიის თავისუფლებაზე.
აქამდე პლატფორმამ უსაფრთხოების პირველი დონე ჩართო ასევე ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების საქმეზე.
წაიკითხეთ ამავე თემაზე:
ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურო სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმას აგრძელებს — არასამთავრობოები
