ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოზე დებატები და დეკლარაციის მიღება იგეგმება

17 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 47-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ გადაუდებელი დებატები გაიმართება.
იგეგმება დეკლარაციის მიღებაც.
კონგრესის თანახმად, დებატების გამართვა გამოწვეულია საქართველოში დემოკრატიული უკანდახევისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო ღრმა შეშფოთებით.
საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ფრანგი ხავიერ კადორე იქნება.
დეკლარაციის პროექტით, კონგრესი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკანდახევის აშკარა ნიშნების და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო, რაც აღინიშნა საზოგადოების გაზრდილი პოლარიზებით და ევროპის საბჭოს სტანდარტებისადმი შეუსაბამო (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ანტი-ლგბტი) კანონმდებლობის ამოქმედებით.
ხაზგასმულია 26 ოქტომბრის ს სამართლიან გარემოში, დისკრიმინაციის გარეშე ჩატარების აუცილებლობა.
„კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გადახედოს ადამიანურ უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობას და თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც გააღრმავებს საზოგადოებაში პოლარიზაციას, პოლიტიკურ პლურალიზმს საფრთხეს შეუქმნის, ხელყოფს ადამიანის უფლებებს ან ძირს გამოუთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. ეს ყველაფერი საზიანო იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საქართველოში. საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და ხელახლა დაადასტუროს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა“, — ნათქვამია დეკლარაციის პროექტში.
ამასთან, კონგრესი მზადყოფნას გამოთქვამს, განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან
ხელისუფლებასთან, მაღალი დონის ვიზიტების ჩათვლით, რომლის ორგანიზებასაც კონგრესი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ აპირებს.
დეკლარაციის პროექტში ნათქვამია, რომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ხელისუფლება შესაძლოა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ.