ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, თბილისში ვიზიტად მყოფი ალენ ბერსე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ.
20 დეკემბერს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ბერსემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე ამ საკითხთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 14:00 საათზე გამართავს პრესკონფერენციას.
„გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტი უნდა გახდეს“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეკრებას გარკვეული დრო დასჭირდება:
„რა გინდათ, შუა დღესვე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები. ჩვენი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი დაკავებულები არიან, ბევრი სამუშაო აქვთ. ასევე, იწყება საშობაო არდადეგები… ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემთ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. გავუწევთ ორგანიზებას. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების – ერთ თვემდე ვადის“, – უპასუხა მან ჟურნალისტებს.
ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ბერსეს გაჟღერებულ ინიციატივას არ ემხრობა და „შარლ მიშელი 2 არ იქნება“:
„ტერორისტებთან მოლაპარაკება არ შეიძლება. არც მოსალაპარაკებელია რამე: მხოლოდ ახალი არჩევნები. ნათქვამია და აღარ უნდა გადაიხედოს. ტყვეებით ვაჭრობა და რაღაც რეფორმებზე ლაპარაკი არალეგიტიმურ და ხალხის წამებაში მხილებულ კონსტიტუციური გადატრიალების მომწყობ ბანდასთან არ შეიძლება“, – წერს გვარამია.
2023 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც სამოქალაქო პროტესტი შემდგომ უკან გაიწვია.
2024 წლის მაისში კი ხელისუფლებამ „აგენტების კანონი“, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, დაამტკიცა.
ინფორმაცია განახლდება.