ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობაში დატოვება გაუმართლებელია – ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე

მზია ამაღლობელის წინასწარ დაკავებაში დატოვება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ განაცხადა.
შესაბამისი განცხადება ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ო’ფლაერტი საქართველოში ვიზიტით 21-23 იანვარს იმყოფებოდა და ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
მან შეშფოთება გამოხატა 2024 წლის აპრილისა და 28 ნოემბრის შემდეგ გამართული პროტესტების კონტექსტში უკანონო დაკავებებისა და სამართალდამცავებისა და არაიდენტიფიცირებული შენიღბული პირების (“ტიტუშკების”) მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლებას ძირი არ გამოეთხრება ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით. ვწუხვარ, რომ ადამიანის უფლებების მხრივ ეს სენსიტიური კანონები მიღებულ იქნა დაჩქარებულად, შინაარსიანი საკონსულტაციო პროცესის გარეშე“, – განაცხადა კომისარმა.
ასევე აღნიშნულია, რომ ო’ფლაერტიმ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებზე ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა წამოწია, რომელიც მან საპატიმროში მოინახულა.
„მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების საფუძველზე რომელიმე სამომავლო გადაწყვეტილებისადმი წინასწარი გან წყობის გარეშე, მჯერა, რომ მისი წინასწარი დაკავების გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მის მდგომარეობაზე” – განაცხადა კომისარმა.