ევროპულ მომავალზე ეროვნული თანხმობის განაცხადს ხელი მოეწერა

26 ივნისს გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების – სტრატეგიული ანალიზის ცენტრის CSAC, ქართულ – ევროპული ინსტიტუტის, „ჯეოქეისის“ და „ევროპულ – დემოკრატიული ერთობის“ პოლიტიკური ლიდერების შეხვედრა და ევროპულ მომავალზე ეროვნული თანხმობის განაცხადის ხელმოწერა. „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, განცხადის ხელმომწერმა მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობაზე დოკუმენტში ასახული მიზნების განხორციელებაში.
„საქართველოს აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ვთანხმდებით შემდეგზე:
ევროკავშირსა და ნატო – ში საქართველოს გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს უმთავრეს და უცვლელ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს;
საქართველომ უნდა მტკიცედ განაგრძოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც დაცულია მოქალაქეთა უფლებები, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და უზრუნველყოფილია განვითარების პერსპექტივები. ჩამოყალიბების ეს პროცესი დაფუძნებული უნდა იყოს მაღალ ევროპულ სტანდარტებზე, რომლებიც ასახულია ჩვენი ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით აღებულ ვალდებულებებზე. ამ გზაზე გამორიცხულ უნდა იქნეს ბოლო დროს წარმოჩენილი გადახრები, რომლებიც გამომდინარეობს არა ეროვნული, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ძალების ვიწრო ინტერესებიდან;
აუცილებელია, ფართო საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული, ქვეყნის დეოკუპაციისა, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრირების სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება;
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ეფექტიანი გამოყენება ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. ამისათვის აუცილებელია იმ რეფორმების განუხრელი და პატიოსანი განხორციელება, რომლებიც ევროკავშირისა და თავად ქართველი ხალხის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს;
მსოფლიოში და რეგიონში აღმოცენებული ახალი უმძიმესი საფრთხეებიდან გამომდინარე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება უნდა გახდეს მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის თითქმის სამნახევარი ათწლეულის მანძილზე მიმდინარე საშინაო და საგარეო პროცესების შედეგად საქართველო მიადგა საკუთარი ისტორიის საკვანძო მომენტს, როცა მას აქვს შანსი ხანგრძლივი პერსპექტივით დაიმკვიდროს მტკიცე სუვერენიტეტი, უზრუნველყოს მყარი უსაფრთხოება და დაადგეს სტაბილური, მდგრადი განვითარების გზას. ამ ისტორიულ შანსს საქართველოს უქმნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად დღეს შექმნილი უნიკალური საერთაშორისო პირობები და ათწლეულების მანძილზე ნაგროვები თავად საქართველოს საზოგადოების მზადყოფნა. ამავე დროს, საქართველოში არსებობს სერიოზული პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას ამ უნიკალური შანსის გამოყენებაში. ამ პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს წარმოადგენს კონფრონტაციული ხასიათის მატარებელი მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაცია, რომელიც გასულია ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის ფარგლებიდან და აშკარად ნეგატიურ მოვლენას წარმოადგენს. მიუხედავად მნიშვნელოვანი განსხვავებებისა და პოლიტიკური მრავალფეროვნებისა, საქართველოს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაში არსებობს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია მთელ რიგ საკვანძო პრიორიტეტზე, რომელთაგან მოცემულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპად ჩამოყალიბებული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება წარმოადგენს. ეს გარემოება ქმნის რეალური დეპოლარიზაციისა და საზოგადოებაში პოლიტიკური კულტურის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების შესაძლებლობას. დღეს ძნელად წარმოსადგენია პოლარიზაციის დასრულება წამყვან პოლიტიკურ პარტიებს შორის კომპრომისის საფუძველზე. შესაბამისად, ამ პროცესში აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან როლს ალტერნატივა არ გააჩნია და ამ საზოგადოების კონსოლიდაციამ და თანამშრომლობამ მაგალითი უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს და მთელს ქვეყანას” – ნათქვამია „ევროპულ – დემოკრატიული ერთობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ადასტურებენ განცხადში ასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მზაობას საექსპერტო მხარდაჭერით.
„ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე” ხელმომწერები:
ნოდარ ხარშილაძე
ვიქტორ ყიფიანი
გიორგი მელაშვილი
პაატა დავითაია
ვალერი ჩეჩელაშვილი
ნიკოლოზ ვაშაკიძე

გიორგი თავდგირიძე
აკია ბარბაქაძე
კახა გოგიძე
ლაშა ბრეგვაძე

ასევე დაგაინტერესებთ