ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის სასარგებლო განაჩენი დაადგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის (“აზადლიგის”) ვებგვერდზე წვდომა დაიბლოკა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევას წარმოადგენდა.
ECHR-ის განჩინების თანახმად, აზერბაიჯანის მთავრობამ თითოეულ განმცხადებელს ზიანის ანაზღაურებისა და სხვა ხარჯების სახით ჯამში 6000 ევრო ($6500) უნდა გადაუხადოს.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ვებგვერდი 2017 წელს ბაქოში სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბლოკა. ოფიციალური ბრალდება ამტკიცებდა, რომ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი პროპაგანდას უწევდა “ძალადობასა და რელიგიურ ექსტრემიზმს და ასევე, შეიცავდა მასობრივი არეულობებისკენ მოწოდებას.”
აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელს კიდევ ოთხი მედიასაშუალება შეუერთდა: გაზეთი “აზადლიკი” და ტელეარხები “მეიდან -TV”, “თურან-TV” და “აზერბაიჯან საათ-TV”. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მათ ბრალი დასდო “ყალბი, შეცდომაში შემყვანი და ცილისმწამებლური ინფორმაციის” გავრცელებაში.
მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ საიტების დაბლოკვის მთავარი მიზეზი იყო მთავრობის კრიტიკა და კორუფციის შესახებ ცნობები.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ვებგვერდი დაიბლოკა ფინანსური ოპერაციების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ. ეს ოპერაციები, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ს ოჯახსა და მის გარემოცვას.