ევროპული საქართველოს და თავისუფლების ინსტიტუტის ორგანიზებით, 25 თებერვალს 19:00 საათზე კლუბ ხიდზე ლაზარე გრიორიადისის მოდელირებული სასამართლოს ფილმის, სახელწოდებით “ლაზარეს 12 მსაჯული” პრემიერა გაიმართება.
22:00 საათზე, ფილმის დასრულების შემდეგ, გაიმართება ლაზარეს მხარდასაჭერი კონცერტიც.
“25 თებერვალს 19:00 საათზე კლუბ ხიდზე ლაზარე გრიორიადისის მოდელირებული სასამართლოს ფილმის პრემიერა გაიმართება, რომელშიც ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი სანქცირებული სასამართლო კლანის ნაცვლად, საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
ფილმის პრემიერის დასრულების შემდეგ 22:00 საათზე ლაზარეს მხარდასაჭერი კონცერტი დაიწყება.
ლაინაფი: 4D monster lobsters, დაგდაგანი, LOUDspeakers, რობი კუხიანიძე და OUTSIDER და გამოუვალი მდგომარეობა.
25 თებერვალი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
103 წლის წინ, ამ დღეს, თავისუფლებასთან ერთად ჩვენ დავკარგეთ ნაფიცი მსაჯულობის ტრადიცია. ტრადიცია, სადაც “მსაჯულობს სინდისი ერისა და არა ჩინოვნიკისა”.
103 წლის წინ, ამ დღეს ქართული საზოგადოება საუკუნეზე მეტით გამოემშვიდობა სამართლიანობას და თაობები დაიხოცნენ უსამართლო საზოგადოებაში.
ერთი წლის წინ, ივანიშვილის რეჟიმმა აგენტებად და ქვეყნის მტრებად შერაცხვა დაგვიპირა მათ, ვინც საქართველოს მომავალს თავისუფალ სამყაროში ვხედავთ, ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას ჩვენს ისტორიულ მისიად მივიჩნევთ და ვებრძვით მას, ვისაც საბჭოთა კავშირის დანგრევა “უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად” მიაჩნია.
ქართულმა საზოგადოებამ რეჟიმს ძლიერი სილა გააწნა და კანონი უკან წააღებინა. მაგრამ ამ წარმატებას ჰყავს მსხვერპლი. ეს მსხვერპლი “სრულყოფილი დამნაშავე”, რეჟიმის მიერ ორიენტაციაარეულად და სატანისტად შერაცხული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც ერთი წელია სამარტოო საკანში ზის და განაჩენს ელოდება იქ, სადაც სასამართლო არ არსებობს. ამოცანა გასაგებია – თაობა ისჯება, ის თაობა, რომელმაც მარტის პროტესტს გასაოცარი მომხიბვლელობა შესძინა, ააზვირთა და რეჟიმი დააფრთხო.
“ლაზარეს 12 მსაჯული” არის ევროპული საქართველოს და თავისუფლების ინსტიტუტის პროექტი.
26 თებერვალს ლაზარეს სასამართლო პროცესია, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან.
25 თებერვალს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ნახოთ მოდელირებული სასამართლო დრამა, რომელიც ეფუძნება ლაზარეს რეალურ საქმეს. თქვენ შეძლებთ დააკვირდეთ, რა მოხდებოდა, ლაზარეს რომ სამართლიანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ჰქონოდა.
პროექტისთვის მსაჯულები შეირჩა მარტივად – ონლაინ გამოქვეყნებული განცხადებით. მოქალაქეები მოვიდნენ თავისით, თვითონ შეავსეს ფორმა და გამოთქვეს პროექტში მონაწილეობის სურვილი.
იმის გარდა, რომ ამ ფილმით ლაზარეს საქმეზე გაიგებთ სრულ და დამაჯერებელ ჭეშმარიტებას, თქვენ დარწმუნდებით ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს არსებითი გაფართოების აუცილებლობაში, რაც ევროპული საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანას წარმოადგენს”. – წერია ღონისძიების Facebook აღწერაში.
ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო პროცესი 26 თებერვალს გაიმართება. ლაზარეს ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ეს დასკვნითი სხდომა იქნება.
პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.