ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მათი პარტია დელეგატებს საარჩევნო კომისიის წევრობას შესთავაზებს. ევროპული საქართველოს შიდაპარტიული პრაიმერიზი 28 ივლისს ჩატარდება და სწორედ დელეგატები დააკომპლექტებენ როგორც საარჩევნო სიას, ისე პარტიის პოლიტსაბჭოს.
“2020 წლის გამოცდილების შემდეგ მალევე დავიწყეთ პროექტი – ევროპული არჩევანის მცველი, სადაც მოხალისეებს ვთხოვდით გაწევრიანებულიყვნენ დამკვირვებლად, პარტიის წარმომადგენლად თუ კომისიის წევრად. ახლაც ჩვენი შიდაპარტიული პრაიმერიზი მიმდინარეობს და ვაპირებთ, ვინც ყველაზე აქტიური, იდეით მოტივირებული წევრები არიან, მათ შევთავაზოთ კომისიის წევრობა, რომ ჩვენს ინტერესებს და ჩვენი ამომრჩევლის ინტერესებს იცავდეს ის ხალხი, რომლისთვისაც ჩვენი იდეები მათი იდეებია და საკუთარ ინტერესებს განასახიერებენ, როცა კომისიის წევრობას დათანხმდებიან” – თქვა ჩერგოლეიშვილმა.
ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი იარაღი არჩევნებზე დიდი უპირატესობით გამარჯვებაა.
“მაგრამ რამდენიც არ უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის და ხმების დასაცავად, ქვეყანაში, სადაც სასამართლო მიტაცებულია და არცერთი ინსტიტუტი არ მუშაობს, ჩვენ ხმებს ვერ დავიცავთ თუ ძალიან დიდი რიცხობრივი უპირატესობა არ გვაქვს რეჟიმთან. ანუ გაყალბების წინააღმდეგ მთავარი იარაღი ევროპული საქართველოსთვისაც და სხვა პარტიებისთვისაც უნდა იყოს რეჟიმისთვის რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერის გამოცლა და გაბევრება აქეთა მხარის, რადგან ერთადერთი იარაღი, რაც ჩვენ დაგვიცავს ქვეყანაში, სადაც არც სასამართლოა, არც ინსტიტუტები, არც ცესკო და პრეზიდენტსაც რას უშვებიან, ვხედავთ, არის ბევრი ხალხი, რომ რეჟიმმა იგრძნოს – გაყალბება არ გაუვა, იმხელა ანგარიშით აქვს წაგებული. ეს იქნება უეჭველი დაზღვევა გაყალბებისგან” – ამბობს ჩერგოლეიშვილი.
ევროპულმა საქართველომ 2023 წლის 21 მარტს გამართა პრეზენტაცია პროექტისა – ევროპული არჩევანის მცველი.