ევროპული საქართველოს ლიდერებმა და თავისუფლების ინსტიტუტის წევრებმა 23 თებერვალს ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი ფილმის ანონსი პარლამენტს მიანათეს. ფილმის პრემიერა 25 თებერვალს, კლუბ ხიდზე გაიმართება.
“ვაანონსებთ ფილმის, ლაზარეს 12 მსაჯულის პრემიერას, რომელიც შედგება 25 თებერვალს, კვირას 19:00 საათზე, დასწრება თავისუფალია. ეს არის თავისუფლების ინსტიტუტის და ევროპული საქართველოს მიერ ლაზარე გრიგორიადისის პროცესის რეალურ მასალებზე დაყრდნობით შექმნილი პროექტი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო [ამ ფილმის გადაღება] იმ თვალსაზრისითაც, რომ ვიცით, თუ როგორი გამოხმაურება მოჰყვა ლაზარე გრიგორიადისის პროცესს და მაშინ, როცა არ არსებობს საზოგადოებაში ნდობა ქართული მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ჩვენ გვსურდა გვეჩვენებინა მოქალაქეებისთვის თუ როგორი შეიძლება იყო მართლმსაჯულება, როცა ნაფიცი მსაჯულები ანუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები წყვეტენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
ვფიქრობ, რომ ძალიან შთამბეჭდავი ფილმი გამოვიდა. ვინც ამ ფილმს უყურებს, ყველა ნახავს, რომ ლაზარე გრიგორიადისი თავიდანვე იქნა შერჩეული, როგორც განტევების ვაცი, როგორც ამ პროტესტის და ახალგაზრდობის სიმბოლო და ის უნდა დასჯილიყო სამაგალითოდ. ზუსტად ამის შესაძლებლობა არ გვინდა, რომ მივცეთ სისტემას, მმართველ გუნდა, გვინდა ყველას ვაჩვენოთ, რომ ლაზარეს წინააღმდეგ ბრალდება არის თითიდან გამოწოვილი და არანაირი რეალური სამხილები არ არსებობს.” – თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, თენგო კირთაძემ.
თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორის, სალომე ხვადაგიანის განმარტებით, მოდელირებული სასამართლო პროცესის შესახებ ფილმის გადაღებით სურდათ მოსახლეობისთვის დაენახებინათ რა არის აღნიშნული საქმის რეალური სახე და რა აქვს ხელისუფლებას ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ.
“ყველას გეპატიჟებით ხიდზე, ლაზარეს 12 მსაჯულის პრემიერაზე, ფილმი 19:00 საათზე დაიწყება, შემდგომ უკვე 22:00 საათზე იქნება ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი კონცერტი, ამის დაანონსება გვინდოდა ლამაზი ფორმით და ამიტომ, პარლამენტზე მივანათეთ წარწერები და ლაზარეს თვალი. ეს ფილმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვინდა ბევრმა ადამიანმა ნახოს. 21 წლის ადამიანს ბევრი წლით ციხეში უშვებენ და მისი ბედი ახლა მხოლოდ კლანის და ხელისუფლების მიერ მართული მოსამართლის ხელშია. ამიტომ, ჩვენ გვინდოდა ფილმში გვეჩვენებინა რეალური საქმე რა არის და რა აქვს ხელისუფლებას ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ, ანუ მარტო სასამართლოს ხელში რომ არ დავტოვოთ ეს ადამიანი, გვინდოდა, რომ მოსახლეობას თავისით განესაჯა, რისთვისაც სასამართლოს რეალურ მასალებზე დაყრდნობით გადავიღეთ ფილმი და ამ ფორმით გთავაზობთ – როგორი იქნებოდა ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო საქმეს მსაჯულები რომ განიხილავდნენ და არა კლანის მოსამართლეები.” – თქვა ხვადაგიანმა.