7-8 ნოემბერს ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მოსაწვევ წერილშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს გადაეგზავნათ. არაფორმალური შეხვედრა ბუდაპეშტშია დაგეგმილი.
“ხუთშაბათს ჩვენს სადილზე გთავაზობთ სტრატეგიულ დებატებს ჩვენს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ ის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პრიორიტეტების შესრულება სტრატეგიული დღის წესრიგის შესაბამისად, აქტიურად ვიმუშაოთ ძლიერი და სუვერენული ევროპისთვის. ვისურვებდი, რომ ყურადღება გავამახვილოთ კონკრეტულად 3 სფეროზე: ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე, უსაფრთხოებაზე და გეოპოლიტიკაზე, უკრაინაზე და გლობალურ გამოწვევებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებაზე. ასევე განვიხილავთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას არჩევნების შემდეგ და განვიხილავთ შემდგომ ქმედებებს”, – წერია მოსაწვევში.