„ევროპული ბაზრებიდან ბოლო სამ წელიწადში ძალიან მცირე ნაკადები შეინიშნებოდა და არც წელს გვაქვს მოლოდინი“, – ამის შესახებ „კრისტალ ჯგუფის“ გაყიდვების მენეჯერი, გიორგი მაისურაძე BM.GE-სთან ზამთრის სეზონის პროგნოზისა და გასული სეზონის შეფასებისას აცხადებს.
მისი თქმით, ჯავშნები გასულ წელთან შედარებით 20-25%-ითაა გაზრდილი. ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიცაა აზერბაიჯანი და სომხეთი. მაისურაძე ვარაუდობს, რომ ჯავშნების მზარდი ტენდენცია ბაკურიანში ინფრასტრუქტურის განვითარებითა და ჩემპიონატის შედეგად გაზრდილმა პოპულარიზაციამ განაპირობა.
ამჟამად, ზამთრის სეზონის დასახვედრად, სივრცეში ატრაქციონების პარკის მოწყობა, ამასთან ახალი საბაგირო ხაზის მონტაჟი მიმდინარეობს.
„საკმაოდ მაღალი მოლოდინები გვაქვს, რადგან გასული წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ჯავშანზე მოთხოვნა დაახლოებით 20-25%-ით გაზრდილია. ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი. აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარებამ განაპირობა და პოპულარიზაციის ზრდამ. სეზონების მიხედვით ჩვენთან ფასები ცვალებადია. ფასები ასევე განსხვავდება პაკეტების მიხედვით ( ნომერი საუზმით, ორჯერადი კვებით თუ სამჯერადი კვებით). მაგალითისთვის დეკემბრის თვეში ორ ადგილიანი ნომრის ფასია: საუზმით – 100 დოლარის ეკვივალენტი ლარში; საუზმით და ვახშმით – 125 დოლარის ექვივალენტი ლარში;სამჯერადი კვებით – 160 დოლარის ექვივალენტი ლარში.
2023 წელს ჩატარდა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი, რამაც ძალიან გაზარდა ბაკურიანის პოპულარიზაცია. მომავალ წელს, თებერვალში ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩატარება, რაც რა თქმა უნდა რანგით შეიძლება ნაკლებია, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ მასშტაბი საკმაოდ დიდია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბაკურიანში ვითარდება ინფრასტრუქტურა, როგორც სასრიალო ტრასები, ასევე მთელი დაბა ბაკურიანის ინფრასტრუქტურა. მაგრამ მაინც, ძირეულ ფაქტორად ფრენები და ფასები უნდა მივიჩნიოთ.
რაც შეეხება ევროპულ ბაზრებს, სამწუხაროდ წინა სამ წელიწადში ძალიან მცირე ნაკადები შეინიშნებოდა და არც წელს გვაქვს მოლოდინები, რომ ევროპიდან მოთხოვნა გაიზრდება. გალფის ქვეყნებიდან მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, რაც ფრენების სიხშირით, სიიაფითაა განპირობებული“,- ამბობს მაისურაძე.
მისივე განმარტებით, მათ სასტუმროზე გაზრდილი მოთხოვნა მიზეზი გახდა იმისა, რომ სასტუმრო Crystal Hotel & Spa-ში ზამთრის სეზონისთვის 65 ახალი ნომერი უნდა დაემატოს, რათა მოთხოვნა უზრუნველყონ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამჟამად ახალ პროექტზე, “პარკ ჰოტელზე” მუშაობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტი პრემიუმ საცხოვრებელი ტიპისაა და აერთიანებს სპა ცენტრს საცურაო აუზით და ფინური საუნით, ამასთან ფიტნეს დარბაზსა და რესტორანს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ შენობა აღჭურვილია OTIS-ის წარმოების ლიფტებით, ალუმინის კარ-ფანჯრით, სასტუმრო რესეფშენით, სამეთვალყურეო ვიდეო სისტემითა და ა.შ. ახალი პროექტის დასრულება, 2025 წელს იგეგმება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მთავარი სამიზნე მასშტაბი სწორედ ბაკურიანის ტერიტორიაა. შესაბამისად, ამ ეტაპზე სხვა რეგიონების ათვისებას არ გეგმავს.