Reuters აქვეყნებს აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტზე ევროპის საპასუხო წინადადების ტექსტს.
საპასუხო წინადადება მომზადდა ევროპის „E3“-ის (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია) მიერ. ის საფუძვლად იღებს აშშ-ის გეგმას, თუმცა პუნქტობრივად ცვლის მას.
E3-ის გეგმის თანახმად:
· უკრაინის სუვერენიტეტი ხელახლა უნდა დადასტურდეს;
· მიღწეული იქნება სრული და ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შეთანხმება რუსეთს, უკრაინასა და ნატოს შორის. ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული ყველა ბუნდოვანება გადაიჭრება;
· (ამოღებულია აშშ-ის გეგმის მე-3 პუნქტი, რომელიც ამბობდა: „მოლოდინია, რომ რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო აღარ გაფართოვდება“.)
· სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, გაიმართება დიალოგი რუსეთსა და ნატოს შორის უსაფრთხოების ყველა საკითხის განსახილველად და დეესკალაციის გარემოს შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს კავშირებისა და მომავალი ეკონომიკური შესაძლებლობების პერსპექტივა;
· უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს;
· მშვიდობიან პერიოდში უკრაინის სამხედრო ძალების ზომა 800 000-ით შეიზღუდება (სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინის არმიის აქტიური შემადგენლობა დაახლოებით ამჟამად 880 000-დან 980 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე 250 000 იყო. აშშ-ის გეგმა გულისხმობს შეზღუდვას 600 000 სამხედრო მოსამსახურემდე — ნეტგაზეთი);
· უკრაინის ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია ნატოს წევრების კონსენსუსზე, რაც არ არსებობს;
· ნატო თანხმდება, რომ მშვიდობიან პერიოდში არ განათავსებს მუდმივად თავის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებს უკრაინაში;
· ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავები განთავსდება პოლონეთში.
· აშშ-ის გარანტია, რომელიც მე-5 მუხლის ანალოგიურია: ა. აშშ მიიღებს კომპენსაციას ამ გარანტიისთვის. ბ. თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში, ის კარგავს ამ გარანტიას. გ. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ძლიერი კოორდინირებულ სამხედრო პასუხთან ერთად, აღდგება ყველა გლობალური სანქცია და გაუქმდება ახალი ტერიტორიის ნებისმიერი სახის აღიარება და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა სხვა სარგებელი;
· უკრაინა უფლებამოსილია, გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღებს მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას ევროპულ ბაზარზე, სანამ მიმდინარეობს ამ საკითხის შეფასება.
· უკრაინის განვითარების მყარი გლობალური პაკეტი, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): ა. უკრაინის განვითარების ფონდის შექმნას მაღალი ზრდის მქონე დარგებში ინვესტირებისთვის, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში. ბ. შეერთებული შტატები ითანამშრომლებს უკრაინასთან, რათა ერთობლივად აღადგინონ, განავითარონ, განაახლონ და მართონ უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს მის მილსადენსა და საცავ ობიექტებს. გ. ერთობლივ ძალისხმევას ომით დაზარალებული ტერიტორიების ხელახალი განვითარებისთვის, ქალაქებისა და საცხოვრებელი ზონების აღდგენის, განაშენიანებისა და მოდერნიზაციის მიზნით. დ. ინფრასტრუქტურის განვითარებას. ე. მინერალებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებას. ვ. მსოფლიო ბანკის მიერ სპეციალური დაფინანსების პაკეტი შემუშავებას ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად საჭირო ფინანსების უზრუნველსაყოფად;
· რუსეთის ეტაპობრივი რეინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში: ა. სანქციების შემსუბუქება განიხილება და შეთანხმდება ფაზებად და ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით. ბ. შეერთებული შტატები გააფორმებს გრძელვადიან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას ორმხრივი განვითარებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტი (AI), მონაცემთა ცენტრები, იშვიათი მიწის მეტალები, ერთობლივი პროექტები არქტიკაში, ასევე სხვადასხვა ურთიერთსასარგებლო კორპორაციული შესაძლებლობები.
ევროპის საპასუხო წინადადებები გამოქვეყნდა უკრაინაში ომის შეწყვეტაზე აშშ-ის 28-პუნქტიანი წინადადების განსახილველად ჟენევაში მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებების პარალელურად.
აშშ-უკრაინის პირველ შეხვედრაში ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. უკრაინის დელეგაციას ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს.
როგორც ერმაკმა, ისე რუბიომ შეხვედრას ძალიან პროდუქტიული უწოდეს. დისკუსიების პირველი დღის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მომლაპარაკებლებს „ძალიან კარგი დღე“ ჰქონდათ და ომის დასრულების შეთანხმებაზე „უზარმაზარი პროგრესი“ იქნა მიღწეული. რუბიოს თქმით, განიხილავენ „შემოთავაზებულ ზოგიერთ წინადადებას“ და გარკვეული კორექტირებები შეაქვთ სამუშაო დოკუმენტში.
„ყველას გვესმის, რომ ამ ომის საბოლოო დასრულების ნაწილი მოითხოვს, უკრაინამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ვფიქრობ, ამ და სხვა საკითხებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, — განაცხადა რუბიომ პირველი დღის მოლაპარაკებების შემდეგ.
ერმაკმა თქვა, რომ საქმე „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ“ მიდის. მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ტრამპს. ერმაკის თქმით, დელეგატები დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში აშშ-თან და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ერთობლივ წინადადებაზე იმუშავებენ.
მანამდე, ჟენევის მოლაპარაკებებზე უკრაინული გუნდის მოკლე ანგარიშების მიღების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ამერიკულ წინადადებებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვას ეფუძნება და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინას აიძულებს, დათმოს დამატებითი ტერიტორიები, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალების ზომა და დასთანხმდეს, რომ არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში.




