ევროპული ავიაკომპანიები, ნიდერლანდური KLM-ის ხელმძღვანელობით, ბრიუსელს ევროპა-აზიის მარშრუტებზე ჩინეთთან კონკურენციაში დახმარებას სთხოვენ. აზიური ავიაკომპანიების ხარჯები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკავშირის ავიახაზების. მათ შორის იმიტომ, რომ მათ რუსეთისთვის გვერდის ავლით ფრენა არ უწევთ.
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული კომპანიებისთვის თავისი საჰაერო სივრცე დახურა. ვინაიდან მოსკოვმაც ანალოგიური ზომები მიიღო, ამიტომ ევროკავშირის ავიაკომპანიებს რუსეთის გავლით ფრენა ეკრძალებათ. ახლა მათ თანაბარ პირობებში ყოფნა სურთ და ითხოვენ, რომ ყველა თვითმფრინავმა, რომელიც ევროკავშირში დაეშვება, რუსეთს გვერდი აუაროს.
ჩინეთის ავიახაზების თვითმფრინავი პარიზიდან პეკინში ცხრა საათსა და შვიდ წუთში ჩადის. მის ფრანგ კონკურენტს იგივე საწყისი და ბოლო წერტილები აქვს, მაგრამ მისი ფრენა, სხვა მარშრუტის გამო, ორი საათით უფრო მეტ ხანს გრძელდება. უფრო გრძელი ფრენები კი ევროპული ავიაკომპანიების ხარჯებს ზრდის, საწვავის მეტი რაოდენობის საჭიროებისა და გადასახადების გაზრდის გამო, რომელიც ამ ავიაკომპანიებმა სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ფრენისთვის უნდა გადაიხადონ. აქედან გამომდინარე, აზიის მიმართულებით მარშრუტებზე ევროპული ავიაგადამყვანების ხარჯები, ჩინურ კომპანიებთან შედარებით, შეიძლება მეხუთედით მეტიც კი იყოს.
„გარდა ამისა, ევროკავშირის ხელმძღვანელობამ ეკოლოგიური ზომები გაამკაცრა და მცირე გამონაბოლქვის მქონე, ძვირადღირებული საწვავის გამოყენებას და გამონაბოლქვის კვოტების დაცვას ითხოვს. ამასთან, რუსეთის საჰაერო სივრცეც დახურული გვაქვს“, – ამბობს ჩეხური ავიაკომპანია Letuska.cz-ის აღმასრულებელი დირექტორი, იოზეფ ტრეიბალი.
ევროპული ავიაკომპანიების წილი აზიის მარშრუტებზე ბოლო წლებში სტაბილურად მცირდება. ავიაბილეთების გამყიდველების თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფრენები აზიის მიმართულებით დაახლოებით 15-20 პროცენტით შემცირდა. ისეთი ავიაკომპანიების წილი კი, როგორიცაა QATAR Airways, Air China, Emirates და Hainan, სულ უფრო მატულობს.
„ევროპამ უნდა მოიფიქროს, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ეს უსამართლო პირობები, ფრენებზე ფასების გადახედვით ან სხვა ასპექტების შეცვლის გზით“, – მიიჩნევს KLM-ის აღმასრულებელმა დირექტორი, მარიან რინტელი.
ბრიუსელმა დაადასტურა, რომ სიტუაციას აკვირდება, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ჩინეთთან ფრენების წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებმა თავად უნდა დაადგინოს. „რადგან ჩვენ არ გვაქვს ყოვლისმომცველი შეთანხმება საჰაერო ტრანსპორტის შესახებ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, წესები განისაზღვრება ორმხრივი შეთანხმებებით ცალკეულ წევრ ქვეყნებსა და ჩინეთს შორის“, – განმარტა ევროკომისიის წარმომადგენელმა, ადალბერტ იანცმა (Adalbert Jahnz).
ევროპული ავიაკომპანიების მოთხოვნებს ჩეხეთის რესპუბლიკაც ადევნებს თვალს. ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ის ცდილობს, ფრენის პირობები, მათ შორის, გარემოსდაცვითი ხასიათის, მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიისთვის შედარებით ერთნაირად მისაღები გახადოს.
წყარო: 1tv.ge
