ევროპის 13 სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავჯდომარეები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, უარი თქვას არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე.
საერთო განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლიტვის, ლატვიის, ნორვეგიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავჯდომარეები.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უცხო ძალების გავლენის შესახებ კანონის ხელახლა დაბრუნება სერიოზულად აკნინებს საქართველოს დიდი ძალისხმევით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია თავისუფლებისთვის გარემოს უზრუნველყოფა და შენარჩუნება დემოკრატიის გულს წარმოადგენს და საკვანძოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის;
განცხადებაზე ხელმომწერი ქვეყნების მიხედვით, ეს არის მტრული ნაბიჯს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლისადმი და ამის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ. განცხადებაში ასევე ნახსენებია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ საქართველო ევროპული კომისიის მიერ გაწერილ 12 ნაბიჯს შეასრულებს, რათა შეძლოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ამ ეტაპისთვის კი საქართველოს მხოლოდ 3 პუნქტი აქვს შესრულებული.
ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები მოუწოდბენ ქართულ ოცნებას, გამოიჩინოს სერიოზულობა და შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.
“მოვუწოდებთ მართველ ქართულ ოცნებას უკან დაიხიოს საპარლამენტო განხილვებისგან, სანამ ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერასა და ველით, რომ საქართველო განაგრძობს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის ხელის შეწყობით.
ჩვენ გულახდილად გამოვთქვათ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთხელაც გამოვლენს სერიოზულობასა და ევროპასა და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციის სურვილს, რომელიც მართულია დასავლური ლიბერალურ დემოკრატიული ღირებულებებით. სასწორზე ქართველი ხალხის მომავალია” – ვკითხულობთ განცხადებაში.
3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.