ევროპის ხუთი ქვეყანა რუსეთისგან დასაცავად საზღვარზე ე.წ. დანაღმულ სარტყელს ქმნის

ევროპის ხუთი ქვეყანა რუსეთისგან დასაცავად საზღვარზე ე.წ. დანაღმული სარტყელის შექმნას აპირებს.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამ მიზნით ნატო-ს წევრმახუთმა ქვეყანამ – ფინეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა განაცხადეს, რომ ტოვებენ ოტავას კონვენციას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს.
აღნიშნულ კონვენციას 1997 წელს მოეწერა ხელი და ძალაში ორი წლის წინ შევიდა. ის კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, წარმოებას და მესამე ქვეყნებისთვის გადაცემას. ოტავას კოვნეციას ხელი 164-მა სახელმწიფომ მოაწერა, მათ შორის აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმაც. ამასთან მოსკოვს აქვს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ყველაზე დიდი მარაგი – 26 მილიონი ნაღმი, რომელთა ნაწილს ის უკრაინაში უკვე იყენებს.
რუსეთის მეზობელი ევროპული ქვეყნების გეგმა თუ განხორციელდება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები სავარაუდოდ რუსეთის საზღვრისპირა რაიონებში დამონტაჟდება. ნატო-ს წევრ ხუთ ქვეყანას საერთო ჯამში რუსეთთან 3 500 კილომეტრიანი საზღვარი აქვს. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაუსახლებელი და ტყიანია, შედეგად კონტროლის განხორციელება რთულია.
გამოცემა ტელეგრაფი წერს, რომ ნატო-ში უკვე დაიწყეს ანალიზი, საზღვრის რომელი მონაკვეთების დანაღმვა არის შესაძლებელი. როგორც სტატიაში აღნიშნული, ერთ-ერთ ყველაზე დაუცველი ქვეყანა ამ კუთხით არის ლიეტუვა, სადაც მდებარეობს ე.წ. სუვალის დერეფანი, 65 კილომეტრიანი ვიწრო მონაკვეთი, რომელიც ბალტისპირეთის ქვეყნებს ნატო-ს ტერიტორიასთან აკავშირებს. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთი შესაძლოა, სწორედ ამ ტერიტორიაზე დაესხას თავს ჩრდილოატალატიკურ ალიანსს. ამის გამო ლიეტუვა ახალი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები წარმოებაში 800 მილიონი ევროს დაბანდებას გეგმავს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის მეზობელი ნატოს ქვეყნებიდან მხოლოდ ნორვეგია აპირებს დარჩეს ოტავას კონვენციის ხელმომწერად.