ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

5 მარტს, ნიონში, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, ქალთა ერთა ლიგის ფორმატით ტარდება. გუნდები A, B და C ლიგაში არიან გადანაწილებულები.
წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები C ლიგის მე-5 ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბელარუსის, ლიეტუვის და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.
პლეი ოფის პირველ რაუნდში C ლიგის წარმომადგენლები A ლიგაში მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. 8 გამარჯვებული პლეი-ოფის დასკვნით
ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც B ლიგის გუნდებთან ერთად, 14 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს. საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. ჯგუფური ეტაპის მატჩები 3-9 აპრილს, 29 მაისს – 4 ივნისს და 10-16 ივლისს გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატი 2025 წელს, 2 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით შვეიცარიაში გაიმართება.
nakrebi.ge