ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია 850 000 ლარიდან 3 მლნ-მდე გაიზრდება – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია საფეხბურთო ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება.
ამის შესახებ მან დღეს, 20 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, – განაცხადა ირაკლი მ.
ამასთან, კობახიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის მთავრობის მიერ სუბსიდირებულ ფრენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა 3 000 გულშემატკივარს ექნება.
მისი თქმით, სუბსიდირებული ფრენები მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული და პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში – დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში.
„დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი, სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს საკუთარ განრიგს ბილეთები, მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს.
ამ ბილეთების შეძენას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთის შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე. ამის შესახებ უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. კვირის ბოლომდე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად ელექტრონულ პლატფორმაზე. ერთი გზის ფასი იქნება 195 ევრო“, – განაცხადა მ.
როგორც ცნობილია, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით ჰპირდება 30 მილიონ ლარის გადაცემას, თუ ისინი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გავლენ.
ამასთან, ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მატჩის მოგების შემთხვევაში ნაკრები დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ჯგუფში, რომელშიც ასევე შედიან თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია. ჯგუფიდან 2 გუნდი გადის, თუმცა შანსი მესამეადგილოსანსაც ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”