“ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა, გამორთეთ ტელეფონები, სამშაბათს საქმე გაქვთ გასაკეთებელი” – სანიოლმა ფეხბურთელებს ემოციურად მიმართა [VIDEO]

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბუდუ ზივზივაძის დუბლით ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გასახდელში ფეხბურთელებს მიმართა.
“ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ტაიმი დარჩა, დღეს, კარგი პირველი ნახევარი ჩავატარეთ. ხუთ დღეში მეორე ნახევარი გველის. რასაც ამ წუთიდან სამშაბათამდე გააკეთებთ, ყველაფერს ექნება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. თუ კარგად ვერ გამოიძინებთ, სწორად არ იკვებებით, ვარჯიშზე არ დაიხარჯებით, ეს გავლენას მოახდენს სამშაბის თამაშზე. თქვენგან ზუსტად იგივეს ველოდები, რასაც ორშაბათიდან აკეთებთ. ისევ ისე კონცენტრირდით თქვენ საქმეზე. გამორთეთ ტელეფონები, რათა დაიცვათ
საკუთარი თავი გარემოსგან. ყველა ბედნიერია, აღელვებულია, ეს ბუნებრივია, ქვეყანამ უნდა იგრძნოს ეს. მაგრამ თქვენ, ფეხბურთელებს სამშაბათს საქმე გაქვთ გასაკეთებელი.
დღეს, გულშემატკივარი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მსოფლიო თასის მოგებაც შეგვიძლია, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვეხმარება. ერთადერთი რამ, რაც დაგვეხმარება, არის თქვენი მიდგომა, მუშაობა და კონცენტრაცია სამშაბათზე”, – უთხრა სანიოლმა ბიჭებს.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ფინალში საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდება, შეხვედრა 26 მარტს, “დინამო არენაზე”, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ვიდეო: ეროვნული ნაკრები