ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Tax Foundation-მა ევროპის მასშტაბით ყველაზე კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყნების სტატისტიკა გამოაქვეყნა. კვლევითი ორგანიზაციის შეფასებით, ევროპის რეგიონში ყველაზე კონკურენტუნარიანი საგადასახადო კოდექსი ესტონეთს აქვს, ხოლო რეიტინგის ბოლოში იტალიაა წარმოდგენილი. ესტონეთი ზედიზედ უკვე მე-11 წელია, OECD-ის ქვეყნებს შორის, რეიტინგის ლიდერობას ინარჩუნებს.
ესტონეთის ბრტყელი საგადასახადო სისტემისთვის (flat tax) დამახასიათებელია ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთების დაწესება. ამ მოდელის ფარგლებში, ტალინი 20%-იან განაკვეთებს აწესებს როგორც კორპორაციულ, ასევე ინდივიდუალურ შემოსავალზე. ცნობისთვის, კორპორაციულ შემოსავალზე გადასახადი გამოიყენება მხოლოდ განაწილებულ მოგებაზე, ხოლო ინდივიდუალურ შემოსავალზე გადასახადი არ ვრცელდება პირადი დივიდენდის შემოსავალზე. რაც შეეხება ქონების გადასახადს, ესტონეთის მთავრობა მხოლოდ მიწის ღირებულებას ბეგრავს და არა უშუალოდ ამ მიწაზე არსებული შენობების ან სხვა ინვესტიციების ღირებულებას. ეს მიდგომა ქვეყანაში ბიზნესისთვის შეღავათიან პირობებს ქმნის და ინვესტიციების ზრდას უწყობს ხელს. დაბოლოს, ესტონეთს აქვს ტერიტორიული საგადასახადო სისტემა, რომელიც მცირე შეზღუდვებით, ადგილობრივი კორპორაციების მიერ უცხოური ოპერაციებიდან მიღებულ მოგებას 100%-ით ათავისუფლებს შიდა გადასახადებისგან.
„კაპიტალის მობილობა ძალიან მაღალია. ბიზნესს შეუძლია ინვესტიციის განსახორციელებლად მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა აირჩიოს, იმის გათვალისწინებით, საიდანაც უფრო დიდ შემოსავალს მიიღებს“, – ნათქვამია ანგარიშში. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის თანახმად, კონკურენტუნარიანი და ნეიტრალური საგადასახადო სისტემა ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და სტაბილურ ზრდას.
ანგარიში განიხილავს იმ ქვეყნებსაც, რომლებიც მოქალაქეებს დაბალ, ზღვრულ განაკვეთებს სთავაზობენ – თუმცა ასევე ეხება უფრო დეტალურ, სტრუქტურულ მახასიათებლებსაც, მაგალითად, მთავრობების მხრიდან ინვესტიციების წამახალისებელ, ან პირიქით, ხელის შემშლელ აქტივობებს. ანგარიშში მოყვანილია კვლევაც, რომელიც კორპორაციულ გადასახადს ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთ ყველაზე საზიანო ფაქტორად ასახელებს, თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ შემოსავლის ალტერნატიული წყაროები – მაგალითად, რეალიზაციისა და სამომხმარებლო გადასახადი შესაძლოა არაპროპორციულად დაეკისროს მოსახლეობის შედარებით დაბალ ფენას. ამავე კვლევის თანახმად, უძრავ ქონებაზე გადასახადს, ყველაზე მცირე გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
რაც შეეხება რეიტინგის სხვა ქვეყნებს, გასულ წელთან შედარებით, ჩეხეთი სიაში სამი პოზიციით ჩამოქვეითდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კორპორაციული საგადასახადო განაკვეთები 19%-დან 21%-მდე გაიზარდა. საპირისპიროდ, დაწინაურდა გერმანია და გაერთიანებული სამეფო, რომელთაც კორპორაციული ინვესტიციებისთვის მეტად შეღავათიანი პირობები დააწესეს.
რეიტინგის ბოლოს კი იტალიაა, როგორც ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემის მქონე ქვეყანა ევროპაში. იტალიას ხშირად აკრიტიკებენ მრავალჯერადი ქონების გადასახადის დაწესებაზე, რაც უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე და ამასთან ერთად, დღგ-ის უჩვეულოდ ვიწრო ბაზის გამო, რაც ნიშნავს, რომ დღგ-თი მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქცია და მომსახურება იბეგრება.
განვითარებული ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) ერთიანდებიან, უკვე შეთანხმდნენ, რომ მსხვილ კორპორაციებს მოგებაზე მინიმალური გადასახადის სახით, 15%-იანი განაკვეთი უნდა დაეკისროთ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, საინტერესოა ისიც, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ირლანდიის საგადასახადო შეთანხმება Apple-თან, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევდა გადაეხადა ეფექტური საგადასახადო განაკვეთი, 0.005%-მდე, უკანონო სუბსიდიას წარმოადგენდა. მსგავსი საგადასახადო შეღავათი ამერიკულ კომპანიას, სხვა ფირმებთან შედარებით, არასამართლიან უპირატესობას ანიჭებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია ცნობილია თავისი დაბალი კორპორაციული გადასახადის განაკვეთით, ამ კონკრეტულმა შემთხვევამ თვალნათლივ წარმოაჩინა, რომ ზოგიერთ კომპანიას შეუძლია მოლაპარაკება კიდევ უფრო დაბალ ეფექტურ განაკვეთებზე სპეციალური შეთანხმებების მეშვეობით, თუმცა ეს შეუსაბამობაში მოდის ევროკავშირის რეგულაციებთან.
დაბალი კორპორაციული გადასახადის მიუხედავად, ირლანდია შემოსავალსა და დივიდენდზე მაღალ გადასახადებს აწესებს, რის გამოც, Tax Foundation-ის ცხრილში, ქვეყანა OECD-ის 37 წევრს შორის 34-ე ადგილზეა.
ევროპის ქვეყნები ყველაზე კონკურენტუნარიანი საგადასახადო სისტემით:
· ესტონეთი – 100 ქულა.
· ლატვია – 92.2 ქულა.
· შვეიცარია – 83.6 ქულა.
· ლიეტუვა – 79.5 ქულა.
· ლუქსემბურგი – 78.8 ქულა.
· უნგრეთი – 77.5 ქულა.
· ჩეხეთის რესპუბლიკა – 77.3 ქულა.
· სლოვაკეთი – 76.5 ქულა.
· შვედეთი – 73.2 ქულა.
· ნიდერლანდები – 68.3 ქულა.
forbes.ge