ევროპის თავდაცვის ინდუსტრია მზად არის, გაზარდოს წარმოება ძველი კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა მთავრობებმა უნდა დააჩქარონ და გააუმჯობესონ შესყიდვებთან დაკავშირებული პრაქტიკა, რათა შესაძლო დეფიციტის პრობლემები აღმოფხვრან, განუცხადეს კორპორაცია Kongsberg-ის ხელმძღვანელებმა Euronews-ს.
ევროკავშირი გადამწყვეტ ეტაპზეა თავდაცვის სტრატეგიის გადახედვის პროცესში, რა დროსაც ლიდერები განიხილავენ, თუ როგორ განაწილდეს ის 500 მილიარდი ევრო, რომელიც ბლოკს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სჭირდება სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და თავდაცვის მიმართულებით არსებული ხარვეზების შესავსებად. იმ ხარვეზების, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა კიდევ უფრო გამოაშკარავდა.
მსგავსი პროცესები მიმდინარეობს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოსა და ნორვეგიაში.
ევროკავშირის ლიდერების პრიორიტეტებში პირველ ადგილზე კვლავაც რჩება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალა – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბლოკმა ვერ შეძლო გასული წლის დაპირების შესრულება და ერთი წლის განმავლობაში ერთ მილიონამდე საბრძოლო ვაზნის მიწოდება უკრაინისთვის.
„ჩვენ არ ვართ შემზღუდავი ფაქტორი საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებაში“, – განუცხადა Kongsberg Defence & Aerospace AS-ის პრეზიდენტმა ეირიკ ლიემ Euronews-ს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
„ჩვენ შეგვიძლია თვეში ორი NASAMS-ის ბატარეის წარმოება, ასე რომ, ეს არ არის პრობლემა. მთავარი გამოწვევა ის არის, რომ უნდა უზრუნველვყოთ გრძელვადიანი წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები და მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი მუშაობა“, – დაამატა მან.
ნორვეგიული კომპანია, რომელიც ამზადებს სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის NASAMS-ს, ასევე ზუსტ დამრტყმელ რაკეტებს, 2024 წელს მისმა შემოსავალმა 4.35 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო წლის ბოლოს კომპანიას რეკორდული შეკვეთების პორტფელი – 11.39 მილიარდი ევრო – ჰქონდა.
სტოკჰოლმის საერთაშორისო სამშვიდობო კვლევითი ინსტიტუტის (SIPRI) 2023 წლის რეიტინგის მიხედვით, Kongsberg-ი მსოფლიოში, შემოსავლის მიხედვით, 80-ე ადგილზეა თავდაცვის სისტემების წარმოების კომპანიებს შორის.
2024 წელს კომპანიამ ესპანეთთან, ლიეტუვასთან და ნიდერლანდებთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის კონტრაქტები გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის მოპოვებას ერთ წლამდე სჭირდება, ამიტომ რაც უფრო ადრე იცის კომპანიამ, რომ კონტრაქტი მზადდება, მით უკეთესია.
ნორვეგიამ და აშშ-მა უკვე დაიწყეს ამ გრძელვადიანი კომპონენტების შეკვეთა ოფიციალური შესყიდვის კონტრაქტის გაფორმებამდე, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, წინასწარ განათავსონ შეკვეთები და ამით მნიშვნელოვნად შეამცირონ საბოლოო პროდუქტის მიწოდების დრო.
ეირიკ ლიემ მოუწოდა მთავრობებს:
– გაამარტივონ შესყიდვების პროცესი
– გაერთიანებულად განახორციელონ შესყიდვები, რათა შეკვეთები ერთიანად შესრულდეს
– უზრუნველყონ კომპანიებისთვის გრძელვადიანი პროგნოზირება
ამგვარი პროგნოზირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა მომწოდებელი კომპანიებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ფინანსური პრობლემები შეექმნათ და არ შეუძლიათ წარმოების გაძლიერება მოთხოვნის შესაბამისად.
კიდევ ერთი გამოწვევა ინდუსტრიისთვის, ეირიკ ლიემ თქმით, მომარაგების წყაროების დივერსიფიკაციაა.
ნატომ 2024 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა 12 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის სია, რომლებიც თავდაცვის ინდუსტრიისთვის აუცილებელია.
ამ მასალებს შორისაა ალუმინი, გრაფიტი, გალიუმი, გერმანიუმი და ლითიუმი.
ჩინეთი მნიშვნელოვან წილს ფლობს ამ ელემენტების გლობალურ მოპოვებასა და გადამუშავებაში – მათ შორის ლითიუმის, გალიუმისა და გერმანიუმის.
2024 წელს ჩინეთმა გამოაცხადა ექსპორტის კონტროლი გალიუმისა და გერმანიუმის გატანაზე, ხოლო წლის ბოლოს აშშ-ისთვის ექსპორტი სრულად შეწყვიტა.
Kongsberg Defence & Aerospace AS-ის პრეზიდენტმა ეირიკ ლიემის თქმით, ამ ეტაპზე კრიტიკული ნედლეულისა და ზოგიერთი ელექტრონული კომპონენტის ხელმისაწვდომობა პრობლემას არ წარმოადგენს.
„ჩვენ არ ველით, რომ ეს ახლო მომავალში პრობლემად იქცევა, მაგრამ საჭიროა უსაფრთხოების ზომების მიღება და ამ სფეროში შესაძლო შეფერხებების თავიდან აცილება “, – აღნიშნა მან.
დაბოლოს, ევროპულ კომპანიებს მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ ინოვაციისთვის.
Kongsberg-ის აღმასრულებელი დირექტორის, გეირ ჰოის თქმით, ევროპას შეუძლია კონკურენციაში გაძლიერება სამოქალაქო ტექნოლოგიების უფრო აქტიურად გამოყენებით.
„უნდა გამოვიყენოთ კომერციულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები და შემდეგ მოვარგოთ ისინი სამხედრო მიზნებს. ეს შეამცირებს ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს“, – განაცხადა მან.
ეს ასევე ხელს შეუწყობს ტექნოლოგიებისა და სისტემების სტანდარტიზაციას, რაც მოკავშირეებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
წყარო:euronews georgia
