ევროპის უმსხვილესი პორტი რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება – FT
ევროპის უმსხვილესი, როტერდამის პორტი რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის ემზადება, – ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი“ იტყობინება.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, პორტის ხელმძღვანელობამ დაიწყო ადგილების დარეზერვება ნატო-ს გემებისთვის, რომლებსაც სამხედრო ტვირთი გადააქვთ და ასევე სამხედრო სწავლებების ჩატარებას გეგმავს.
როგორც გამოცემასთან საუბრისას როტერდამის პორტის გენერალური დირექტორი ბოდვინ სიმონსი ამბობს, მიმდინარეობს მუშაობა გეგმაზე, რათა ომის შემთხვევაში კომერციული გადაზიდვების გადამისამართება მოხდეს.
მისივე თქმით, როტერდამის პორტი ამ გეგმებს მჭიდროდ ათანხმებს მეზობელ ანტვერპენის პორტთან.
„ყველა ტერმინალი არ გამოდგება სამხედრო ტვირთისთვის. დიდი მოცულობები თუ გახდება საჭირო, ანტვერპენი და სხვა პორტებს შეუძლიათ, ამ ტვირთების ნაწილი მიიღონ“, – აცხადებს როტერდამის პორტის გენერალური დირექტორი.
ამას გარდა, სტატიაში ნათქვამია, რომ როტერდამის პორტი ყოველწლიურად უმასპინძლებს სადესანტო სამხედრო სწავლებებს.
ამასთან ერთად, როტერდამის პორტის დირექტორი მოუწოდებს ევროკავშირს, შექმნას არამხოლოდ ნავთობის, არამედ სხვა მნიშვნელოვანი წიაღისეულის სტრატეგიული მარაგი, მათ შორის სპილენძის, ლითიუმის და გრაფიტის.
„1973 წლის ნავთობის კრიზისიდან მოყოლებული ჩვენ გვქონდა აუცილებელი 90-დღიანი ნავთობის რეზერვი, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობს ბუნებრივი აირის, იშვიათი მეტალებისა ან წამლების შემთხვევაში. უნდა გადავხედოთ სტრატეგიული მდგრადობის მთელ სისტემას,“ – განაცხადა ბოდვინ სიმონსმა.
მისივე თქმით, ასეთი რეზერვების შესანახად იდეალური ადგილი იქნება პორტების შემოგარენი, სადაც ლოჯისტიკა განვითარებულია.
1tv.ge
