ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია საქართველოს პარლამენტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის სრულად და დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდებს. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 66-მა დელეგატმა, წინააღმდეგი იყო 4. რეზოლუციის ავტორები არიან კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა.
რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. დოკუმენტი სრულად უჭერს მხარს ვენეციის კომისიის მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე. ტექსტში ხაზგასმულია, რომ კანონი და ის პროცესი, როგორც კანონი მიიღეს, შეუთავსებელია ევროპის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან და იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აქვს აღებული.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ვერ იქნება აღქმული საქართველოს მომავალი არჩევნებისგან იზოლირებულად, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდება. ასამბლეა შიშობს, რომ ამ კანონს არასასურველი ეფექტი ექნება არჩევნების ჩატარებაზე, მხარეთა ნდობის ხარისხზე, რაც არჩევნების ლეგიტიმაციაზეც მოახდენს გავლენას. ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ კანონის მიღებამ მომავალი არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმად აქცია საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის და საგარეო პოლიტიკის შესახებ.” – წერია ევროპის საბჭოს რეზოლუციაში
რეზოლუციის მეორე შესწორების ინიციატორი ოლექსი გონჩარენკო იყო, რომელიც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის და რუსული გავლენების შესახებ ტექსტის ჩამატებას ითხოვდა. საბჭომ მეორე შესწორებას მხარი არ დაუჭირა.
ამას გარდა, რეზოლუცია ეხება საქართველოს კანონს ადმინისტრაციული დარღვევების შესახებ, რომელიც ხარვეზიან კანონადაა მოხსენიებული და გამოთქმულია წუხილი, რომ კანონი ძალის გადამეტების საშუალებას აძლევს სამართალდამცავ უწყებებს.
