ევროპის საბჭო აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ევროპაში 2024 წელს პრესის თავისუფლებაა შეფასებული. ანგარიშში მიმოხილულია ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტთა ძირითადი პრობლემები, მათ შორის საუბარია დაშინებებსა და მედიის წარმომადგენლების დაკავებებზე. ამასთან, განხილულია პრესის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარება და საუბარია საქართველოზეც.
ანგარიშში საუბარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 2023 წლის 22 ივნისს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე. სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი პოზიტიურად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამია იყო ერთადერთი ჟურნალისტი ქვეყანაში, რომელიც ციხეში იმყოფებოდა.
ანგარიშში საუბარია კანონპროექტზე, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ნორმა უქმდება და რომელსაც პარლამენტმა მხარი გასული წლის 15 ნოემბერს დაუჭირა. ეს ცვლილებები უარყოფითად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ პარლამენტმა ისინი კონსულტაციების და ექსპერტებთან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთან ღია საჯარო დებატების გარეშე მიიღო. ნათქვამია, რომ მედიის თავისუფლების რამდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ცვლილებებმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ევროპის საბჭოს სტანდარტებს დამოუკიდებლობისა და ადეკვატური დაფინანსების კუთხით.
ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, Moscow Times-ის სტატისტიკით, 1 000-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა იძულებული, დაეტოვებინა რუსეთი და აღნიშნულია, რომ ბევრი მათგანი ევროპის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, თურქეთში და საქართველოში გაემგზავრა და შეშფოთებაა გამოთქმული, რომ ისინი ქვეყანაში არ შემოუშვეს.
ევროპის საბჭო აცხადებს, რომ პრიორიტეტულად დაისახა მუშაობა ეფექტურობის მისაღწევად, მათ შორის, წევრ ქვეყნებში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიმართულებით. ასევე, აღნიშნულია, რომ საბჭოსთვის პრიორიტეტია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.