შემაშფოთებელია, რომ აშშ-ს ვენეციის კომისიიდან გასვლა სურს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, თეოდოროს რუსოპულოსი სოციალურ ქსელში წერს, სადაც 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ დროს, როდესაც კანონის უზენაესობა მსოფლიოს მასშტაბით დაცვას საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას გადახედავს და შეცვლის“, – წერს თეოდოროს რუსოპულოსი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს, რომელთა შორისაა ვენეციის კომისიაც. სიაში გაერო-ს 31 ორგანიზაციაა, ხოლო 35 ორგანიზაცია გაერო-ს შემადგენლობაში არ შედის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აღნიშნული ორგანიზაციები აშშ-ის სუვერენიტეტის შეზღუდვას აქტიურად ცდილობენ.




