ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან

ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს, 15:10 საათზე არის ჩანიშნული, ხოლო უმრავლესობის წევრებს სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენლები 15:50 საათზე შეხვდებიან.
ცნობისთვის, საქართველოს წინასაარჩევნო ვიზიტით საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური კლიმატის შესაფასებლად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ექვსკაციანი დელეგაცია სტუმრობს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაცია საქართველოში 23-24 სექტემბერს იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით არის ჩამოსული.
თბილისში დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის დასასრულს დელეგაცია განცხადებას გააკეთებს.
დელეგაციის სრული შემადგენლობა 26 ოქტომბერს, სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, საქართველოში არჩევნებს დააკვირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს