გენერალურ მდივანთან ერთად თბილისში ჩამოვა გენერალური დირექტორი ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის საკითხებში, ასევე, გენერალური დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების მიმართულებით.
“მისია მიმდინარეობს პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში, რომელსაც ახასიათებს ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ძალადობრივი აქტები ბოლო კვირების განმავლობაში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან აღინიშნება, რომ ვიზიტის მიზანია, ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.
“1999 წლიდან, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, საქართველო ვალდებულია პატივი სცეს ფუნდამენტურ ვალდებულებებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას. ეს პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს სტატუტში და ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (ECHR), არსებითია ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობისთვის. გენერალურ მდივანს შესაძლებლობა ჰქონდა, სრული სიცხადით გაემეორებინა ეს მესიჯი საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ბოლო სატელეფონო საუბრის დროს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ “დღევანდელ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში”, ევროპის საბჭო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი აარიდონ დაძაბულობის ყოველგვარ ესკალაციას.
ის მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
“ეს პრინციპები აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობის გარანტიისა და ქართველი ხალხის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენილია ეროვნულ ხელისუფლებასთან პარტნიორობით და მიღებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2023 წლის 18 ოქტომბერს, მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიას.
“ევროპის საბჭო მოწოდებულია ამ მხარდაჭერის მორგებაზე ადგილზე არსებული რეალობის შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით. პრიორიტეტები უნდა აისახოს ეროვნულ დონეზე რეფორმის პროგრამაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, გენერალური მდივანი მიესალმება ოპოზიციონერების – ნიკა გვარამიას და ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას.
ინფორმაციის თანახმად, ბერსეტი გეგმავს მათთან, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრებთან შეხვედრას.
“ის ასევე ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.