ევროპის პროკურატურამ საბერძნეთში ბრალი წაუყენა 16 პირს, რომლებიც ევროკავშირის აგრარული სუბსიდიების თაღლითურად მიღებაში არიან ეჭვმიტანილები

ევროპის პროკურატურამ საბერძნეთში ბრალი წაუყენა 16 პირს, რომლებიც ევროკავშირის აგრარული სუბსიდიების თაღლითურად მიღებაში არიან ეჭვმიტანილები.
ბერძნული მედიის ცნობით, კუნძულ კრეტაზე დაკავებულ 16 ეჭვმიტანილს, რომლებიც სახელმწიფო საგადახდო სააგენტოს მეშვეობით სოფლის მეურნეობის სუბსიდიების უკანონო მიღებაში არიან ბრალდებულები, მიეცათ დრო მოსამართლის წინაშე ჩვენებების მისაცემად.
ეჭვმიტანილები უკვე გამოცხადდნენ ათენში, ევროპის პროკურატურაში, სადაც მათ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს. მათ შორისაა დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა, დამამძიმებელ გარემოებებში სუბსიდიების თაღლითური გზით მიღება, ფულის გათეთრება, ასევე ევროკავშირისა და საბერძნეთის სახელმწიფოს ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული თაღლითობა.
ხელისუფლების მტკიცებით, დანაშაულებრივი სქემა 2019-2025 წლებში მოქმედებდა და მოიცავდა ყალბი დეკლარაციების წარდგენას, ასევე შემოსავლების დასამალად არანაკლებ 11 ფიქტიური საბანკო ანგარიშის გამოყენებას.
ევროპის პროკურატურამ წელს განაცხადა, რომ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, ბერძენი ფერმერები, ოფიციალური პირების დახმარებით, ევროკავშირის სახსრებს ითვისებდნენ.
საბერძნეთის ხელისუფლებამ დაიწყო ცალკეული გამოძიებები, ხოლო პარლამენტი ამოწმებს სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც ყოველწლიურად ევროკავშირისგან მიღებულ დაახლოებით 2,5 მილიარდ ევროს დახმარებას უნაწილებს ასი ათასობით ფერმერს.
ივნისში ევროკავშირმა საბერძნეთს 392 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2016–2023 წლებში აგრარული სუბსიდიების არამიზნობრივი გამოყენების გამო.