ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის დანაშაულებს.
დოკუმენტი 9 ივლისს მიიღეს, მას მხარი დაუჭირა 507-მა დეპუტატმა, 77 წინააღმდეგი იყო და 45-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, გაანადგურა მშვიდობა და სტაბილურობა ევროპაში და სერიოზულად შეარყია გლობალური უსაფრთხოება. მასში რუსეთს „ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და უშუალო საფრთხეს“ უწოდებენ.
ევროპარლამენტარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ წამოწყებულ აგრესიულ ომზე და რომ ადამიანის უფლებების დარღვევები, ომის დანაშაულები და საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა და ოფიციალურმა პირებმა ჩაიდინეს, არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ რუსეთი აგრძელებს სასტიკი დანაშაულების ჩადენას უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, ამჟამად რუსეთსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაახლოებით 16 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა დაკავებული. 70 000-ზე მეტი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები, მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მოსამსახურეები, ოფიციალურად დაკარგულად არიან აღიარებულნი.
ფორუმი