ბელგიის პრემიერმინისტრის, ბარტ დე ვევერის თქმით, ევროპის მიერ €200 მილიარდის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია “ომის აქტი” იქნებოდა.
20 მარტს ბრიუსელში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ ვევერმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი “სისტემური რისკების ქვეშ დააყენებდა ფინანსური სამყაროს მთლიანის სისტემას”.
როგორც POLITICO წერს, რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი რუსული აქტივების კონფისკაციას განიხილავენ. ევროკავშირმა რუსული აქტივები 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ გაყინა.
გამოცემის ცნობით, აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, თანხები უკრაინის თავდაცვისა და რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებებში კიევის ბერკეტის გასაძლიერებლად იქნებოდა გამოყენებული.
ბელგიის პრემიერმინისტრის გაფრთხილება სწორედ ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში სწორედ ამ იდეის პოპულარობის ზრდას უკავშირდება.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბრიუსელში მდებარეობს ფინანსური ინსტიტუტი Euroclear, სადაც გაყინული რუსული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ინახება. შესაბამისად, აქტივების კონფისკაციის შემთხვევაში, ბელგია პოტენციური სამართლებრივი, ფინანსური და გეოპოლიტიკური შედეგების წინაშე შესაძლოა, აღმოჩნდეს.
როგორც POLITICO წერს, ბელგია შიშობს, რომ თანხების უკრაინისთვის გადაცემა Euroclear-ს აქტივების მესაკუთრეების მხრიდან კიდევ უფრო მეტ სამართლებრივ დავას მოუტანს.
“ჩვენ ფანტაზიის სამყაროში არ ვცხოვრობთ. ჩვენ ნამდვილ სამყაროში ვართ, სადაც თუ ვინმესგან €200 მილიარდს აიღებ, ამას შედეგებიც მოჰყვება”. – თქვა ბელგიის პრემიერმინისტრმა.
ცნობისთვის, გასულ წელს G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით, სახელდობრ, მათზე დარიცხული პროცენტით – და არა პირდაპირ აქტივებით – უკრაინისთვის €50 მილიარდი დოლარის ღირებულების სესხს გამოყოფდნენ.
თუმცა რამდენიმ ქვეყანას, როგორც POLITICO წერს, კიდევ უფრო წინ წასვლა სურს. გასულ თვეში, მაგალითად, ფრანგმა პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ევროკავშირის რუსული აქტივების კონფისკაციისა და მათი უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებისკენ მოუწოდეს.
ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა, გამოცემის ცნობით, ამ იდეას 6 მარტს ევროპელი ლიდერების სამიტზე, დახურულს კარს მიღმა დაუჭირა.
ბელგიის პრემიერმინისტრმა კოლეგები გააფრთხილა, თავი შეიკავონ საჯაროდ “გაყინული აქტივების წარმოჩენისგან, როგორც პუტინის გოჭი-ყულაბა, რომელიც შეგიძლია ჩაქუჩით გატეხო, ფული აიღო და დახარჯო, რაზეც გინდა… რადგან ეს უბრალოდ ასეთი მარტივი არ არის”.
წყარო: tabula.ge
