ევროპის ბიზნეს-რეესტრების ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს თბილისში საჯარო რეესტრი უმასპინძლებს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ევროპის ბიზნესრეესტრების ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს თბილისში საჯარო რეესტრი უმასპინძლებს. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას აღნიშნა,
„2023 წელს ევროპის სხვა აპლიკანტ ქვეყნებს შორის გაიმარჯვა საქართველომ. ევროპის ბიზნესრეესტრების ასოციაცია, რომელიც 42 ქვეყანას აერთიანებს, ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს ჩაატარებს თბილისში და ესეც, რა თქმა უნდა, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბიზნესასოციაციების კუთხითაც საქართველო არის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი,“ – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს 42 ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.
გარდა ამისა, მინისტრმა სტუდია „იუსტიციის“ პროექტის განხორციელებაც დააანონსა.
„კიდევ ერთი პროექტი მინდა, დავაანონსო, ეს არის სტუდია „იუსტიცია“ – უნიკალური პლატფორმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. სულ ცოტა ხანში საზოგადოება იხილავს ამ სტუდიას. ეს იქნება, ფაქტობრივად, ინტერნეტტელევიზია, რომელიც განკუთვნილი იქნება იურისტებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სამართლებრივი საკითხებით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით,სტუდია „იუსტიციის“ მიზანი სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და იურიდიული ხასიათის თემებზე დისკუსიის ხელშეწყობაა.