ევროპის ბიბლიოთეკებიდან წიგნის ქურდობისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს პროკურატურა იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორის ძვირადღირებულ წიგნებს.
„დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ს, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ – ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ“, – წერია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს.
პროკურატურამ 25 აპრილსაც გაავრცელა განცხადება, რომლითაც იუწყებოდა იმავე დანაშაულისთვის საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავებაზე. არსებული ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-2023 წლებში ევროპის სხვადასხვა ქალაქის ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.
დაკავებულებს ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით).
პროკურატურა განმარტავს, რომ ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.
ქართველი წიგნის ქურდებისგან ევროპის ბიბლიოთეკებისთვის მიყენებული დათვლილი ზიანი 2023 წლის მიწურულს 2 მილიონ ევროს შეადგენდა.
მედია ამ ამბის გაშუქებისას წერდა, რომ ეს იყო წიგნების ყველაზე დიდი ძარცვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, შვეიცარიისა და ფინეთის ბიბლიოთეკებიდან რუსი მწერლების, ძირითადად პუშკინის, ადრეული გამოცემებია დაკარგული. ეს გამოცემები ათასობით დოლარად იყიდება რუსულ აუქციონებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში